ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული, კომპანია „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
ფურცხვანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება 15 ივლისს ელექტრონული სამაჯურით დატოვა. მსჯავრდებულმა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს „უდოს“ (პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების) კომისიამ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ იმავე კომისიამ, რომელმაც 13 წლის ბავშვის გარდაცვალებაში დამნაშავე გაათავისუფლა, 2026 წლის აპრილში ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს.
საბჭოს განმარტებით, „პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავის უპატივცემულობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას“.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, თბილისის მერიის მიერ ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც მეგობრების დახმარებას ცდილობდა, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ შადრევნის რეაბილიტაციისას მაღალი ძაბვის კაბელი ბეტონსა და ლითონის ცხაურს შორის მოჰყვა, რამაც წყალში დენის გაჟონვა გამოიწვია. „გრინსერვისი+“-მა სამუშაოების ჩასაბარებლად გამოიყენა „მშენ-ექსპერტის“ ყალბი დასკვნა, სადაც თითქოს შესწავლილი იყო უსაფრთხოების ნორმები, მაშინ როცა რეალურად მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა გადაამოწმეს.
2023 წლის 10 ივლისს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ფურცხვანიძეს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა - უხარისხო სამუშაოების შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია; გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნულ საქმეზე სულ 9 პირი იყო დაკავებული, მათ შორის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და ქვეკონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები. სასამართლომ რვა მათგანს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ერთი პირი (ხელოსანი ვალერი გოგიშვილი) უდანაშაულოდ ცნო.
„გრინსერვის +“-ის ერთი მფლობელი ლაშა ფურცხვანიძე მანამდე ძველი თბილისის რაიონის გამგებელი იყო, მეორე მფლობელი კობა ხარშილაძე კი მისი მოადგილე. ორივე მათგანი ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. საქმეს 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებდა.
