„ჩვენი შვილების ხსენებით თქვენ არა მარტო არაკომპეტენტური და შეურაცხმყოფელი ხართ მაგ თანამდებობისთვის, არამედ სრულებით წარმოუდგენლად ამორალური ადამიანი ბრძანდებით. ჩვენი შვილები იამაყებენ, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ჩვენი ქვეყანა იამაყებს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. აი, თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით ისტორიის ფურცლებზე, მაგას დაგანახებთ, აქ შევხვდებით, თუ არ გაიქცევით ქვეყნის გარეთ“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც პარლამენტს რუსულ კანონზე მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
წილოსანის რეაქცია მოჰყვა გიორგი მსხილაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისტორია განსჯის, ვინ დგას სწორ მხარეს. მანამდე, უმრავლესობის წევრებმა მსხილაძეს „არაკომპეტენტური“ და „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენელი უწოდეს. გარდა ამისა, კონსტიტუციის უპატივცემულობაში დასდეს ბრალი.
„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელე ვარ, არასდროს არცერთ პერიოდში არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომ მე იმ მხარეს ვმდგარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო. ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. აქ ჩემი სასაუბრო დღეს ნამდვილად მეტი არაფერია.
თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენს შვილებს პასუხი, რატომ მოექეცით თქვენს ქვეყანას ასე, მათ მომავალს რატომ მოექეცით ასე. თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას და ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეხვალთ ისტორიაში. ეს არ დაგვავიწყდეს. რა ნამუსით და რა სინდისით დააჭერთ ხელს მწვანე თუ წითელ ღილაკს. ისტორია განსჯის, სამართალი და სიმართლე ვის მხარეს იყო - ჩემს მხარეს და ჩვენს მხარეს, თუ თქვენს მხარეს“, - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
ნინო წილოსანის კომენტარის შემდეგ, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია ასეთი აგრესია. „მე ყველასთვის კარგი მინდა. მე არ ვყოფ თქვენს შვილებს და ჩვენს შვილებს. ჩვენი შვილების მომავალი საერთოა, ყველასთვის კარგი მინდა, ხოლო ვინ დგას ისტორიის სწორ მხარეს, ამას საზოგადოება და ისტორია განსჯის“, - აღნიშნა მან.
„ქართული ოცნების“ წევრები აპირებენ, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლიონ და 14 მაისს მიღებულ კანონპროექტს უყარონ კენჭი.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კანონი ანტიკონსტიტუციურია, მათ შორის, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ ევროინტეგრაციის მიზანს, „არის ანტიევროპული, ანტიქართული და მაშასადამე, რუსული“.
