წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ თავდაცვის ექს-მინისტრის გარემოცვის წევრებს

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდარავა

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვას –  მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროკურატურა ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვას, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას ედავება. მხეიძე და ხაინდრავა ბრალს არ აღიარებენ, ღუდუშაური კი დუმილის უფლებით სარგებლობს. 

„ჩემზე არც მოდავე არაა არავინ, ხელსაც არავინ მადებს და არც მოწმეებთან მქონია კონტაქტი. არადა, ვიცოდი ვინ იყვნენ, იმიტომ, რომ დაკითხვის დროს საგამოძიებო უწყებაში მითხრეს. პირიქით, სახლში ვიჯექი და თავს ვარიდებდი გარეთ გასვლასაც. გამომძიებელთანაც სულ კონტაქტი მქონდა“, - განაცხადა დღევანდელ პროცესზე გიორგი ხაინდრავამ. 

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ხაინდრავამ და ვლადიმერ ღუდუშაურმა, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის (MRT) აპარატის შეძენის პროცესში არაკონკურენტული გარემო მიზანმიმართულად შექმნეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულებმა არარეალური გარიგებების მეშვეობით ხელოვნურად გაზარდეს MRT აპარატის რეალური ღირებულება. ამ სავარაუდო სქემის შედეგად კი, თავდაცვის სამინისტროდან 1,333,728 ლარი გაიფლანგა.

29 ივლისის სხდომაზე, მხეიძისა და ხაინდრავასა ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ დაკავებულები 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყვნენ. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველი ჩადენილი ქმედების ხასიათითა და სახელმწიფოს მიმართ მიყენებული ზარალით დაასაბუთა.

მხეიძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, საქმე „თეთრი ძაფით არის ნაკერი”. მისი თქმით, მხეიძის წინააღმდეგ არსებობს ერთადერთი მოწმე, რომელმაც მას ხელი დაადო და „საკუთარი თავი ბორკილების დადებისგან იხსნა”.

„მოცემულ საქმეზე იყო შესაბამისი ოპერატიული ინფორმაცია. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მოპოვებულ იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის გაყალბებული დოკუმენტები, ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას. იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე არის თუ არა პროკურატურის ინტერესის ობიექტი, პროკურორმა თქვა, რომ ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება და „მათ შორის, მისი ქმედებებიც იქნება შეფასებული“.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გიორგი ხაინდრავა, ვლადიმერ ღუდუშაური და ვასილ მხეიძე 27 ივლისს, 1.3 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, გამოძიება გრძელდება სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 სექტემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.