ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მცხოვრები 28 წლის გიორგი ქუჯოშვილი გაათავისუფლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქუჯოშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2022 წლის 26 მარტიდან იყო დაკავებული. ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მისთვის ექვსთვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქე სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.
„აღნიშნულმა პირმა არაერთხელ დაარღვია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი და ამასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული. 2022 წლის 20 მაისს ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ქუჯოშვილი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა - ჩადენაში და საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა“, – აღნიშნულია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
9 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტს სუს-ის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარუდგინა, რა დროსაც განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება.
„2021 წელს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის მიმართულებით დაფიქსირდა 11, ხოლო, ცხინვალის მიმართულებით 70 უკანონო დაკავება. 2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში საერთო ჯამში იმყოფებოდა საქართველოს 7 მოქალაქე, მათ შორის, ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა 9 წლით.
მსურს, დავარწმუნო, პირველ რიგში, უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, ასევე, პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა და აქვს პრაქტიკა, თუ როგორ განახორციელოს ეს გათავისუფლება.
ამის დამადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მშვიდობით დასრულებული უკანონო პატიმრობა, თუმცა, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს საპირისპირო ერთეული შემთხვევებიც“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ბოლო პერიოდში ცხინვალის რეჟიმმა გაათავისუფლა უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე ფრენკ იანეზი, ასევე, საქართველოს მოქალაქეები - ლევან მაჩაბელი, ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი. ცხინვალის ციხეში რჩება ყოფილი სამხედრო, 41 წლის მამუკა ჩხიკვაძე. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ 2021 წლის 10 დეკემბერს დააკავეს და ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, ნარკოტიკული საშუალების, 4 გრამზე მეტი „მარიხუანის“ კონტრაბანდასაც ედავებიან. 2022 წლის მაისში, დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძე დამნაშავედ ცნო და 5.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჩხიკვაძის ადგილობრივმა ადვოკატმა ე.წ. განაჩენი გაასაჩივრა და უკანონო სასჯელი 3.8 წლამდე შემცირდა.
