ცხინვალში დააკავეს საქართველოს მოქალაქე თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე, ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება მას ჯაშუშობაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, „გამოძიების ვერსიით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქე ახორციელებდა რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“.

„ამჟამად ნახსენები ფიგურანტი დაკავებულია, გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირებს ადგენს“, - განაცხადა ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ.

საქმე აღძრულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც „ჯაშუშობას“ გულისხმობს და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ე.წ. გენერალურ პროურატურას დაკავებული ქალის ვინაობა არ დაუსახელებია. ადგილობრივი ტელეგრამ არხი (Чъребайы Хъæргæнæг) წერს, რომ ის სწორედ თამარ მეარაყიშვილია.

მეარაყიშვილი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას. ამ საკითხზე ის 21 დეკემბერს Facebook-ში გამოქვეყნებულ ვიდეოშიც საუბრობდა და ცხინვალის მთავარ მოედანზე შიმშილობის აქციას აანონსებდა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დროს გამონახავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მრჩება ერთადერთი გამოსავალი - მოედანზე გამოსვლა, ერთკაციანი პიკეტი. იქიდან მე არ წავალ, ღამეს იქ გავათევ. ეს შიმშილობის აქცია იქნება მანამ, ვიდრე არ მიმიღებთ.

ქუჩაში ადამიანები გამოდიან მაშინ, როდესაც მათი უფლებები ირღვევა. მე ვერ ვხედავ ჩემი პრობლემების მოგვარების გზას. 9 წელი სრულდება, რაც ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ვიბრძვი, დავკარგე ჯანმრთელობა, მშვენიერი წლები, დაშორებული ვარ ქალიშვილს, იყო მუქარები, თუმცა გამარჯვებებიც იყო, როდესაც სასმართლო გამამართლებელ განაჩენს აცხადებდა. ახლა, გამოდის, რომ ეს ყველაფერი ფუჭი იყო“, – ამბობდა თამარ მეარაყიშვილი.

თამარ მეარაყიშვილს თითქმის ათი წელია თავისუფლად გადაადგილების უფლება ჩამორთმეული აქვს. ის 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ სოფელ ახალგორში დააკავა, მეორე დღეს გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები აცხადებდნენ, თითქოს მეარაყიშვილმა თავისი განცხადებებით პარტია „ერთიანი ოსეთის“ პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, მას ბრალი წარუდგინეს საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებისთვისაც.

2019 წლის ოქტომბერში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თამარ მეარაყიშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ სამივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. ამის მიუხედავად მას ჩამორთმეული პასპორტი არ დაუბრუნეს. 

თამარ მეარაყიშვილი წლების განმავლობაში გამოთქვამდა უკმაყოფილებას საქართველოს ხელისუფლების მხირდან უყურადღებობის გამო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.