წმინდანების, მეფეებისა და საზოგადო მოღვაწეების შეურაცხყოფაზე საჭიროა რეაგირება - კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნამდვილად საჭიროა იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის სიძულვილის ხელოვნურად თავს მოხვევა არ დავუშვათ. ამისთვის შესაბამისი კანონები მივიღეთ. იცით, რომ ესეც კი გააპროტესტეს - კანონი, რომელიც საზოგადოებისთვის სიძულვილის თავიდან არიდებას ემსახურება, ესეც ღიად გააპროტესტეს და იმის ღიად თქმას არ მოერიდნენ, რომ სიძულვილს ისინი თესავენ. ვინც კანონის მიღება გააპროტესტა, სწორედ ისინი თესავენ ქვეყნის გარედან და შიგნიდან სიძულვილსა და აგრესიას.

რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების, ჩვენი დიდი მეფეებისა და საზოგადო მოღვაწეების შეურაცხყოფას, ესეც დაკვეთილი, კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვია. ესენი უბრალოდ უნიჭო ადამიანები არიან. არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებენ. მათი დაკვეთის არსი მარტივია - მათ ჩვენი ეროვნული იდენტობის შესუსტება უნდა სცადონ! ამისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს.

ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ასეთ პროცესებს დავუპირისპირდეთ. თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ივანიშვილის პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა:

„ნელ-ნელა იცვლება ულტრალიბერალური კანონმდებლობა. ჩვენი, „ხალხის ძალის“ პრინციპული მიდგომა იყო, რომ შიდასახელმწიფოებრივი, ეროვნული იდენტობა კანონმდებლობის დონეზე იყოს დაცული.

რაც მეტად დავიცავთ ეროვნულ იდენტობას, მით მეტად დავიცავთ სუვერენიტეტს და მით მეტი პარტნიორი გვეყოლება, რადგან არავის არ უნდა პარტნიორად ისეთი ქვეყანა, ვისაც ღირსება არ გააჩნია. მონად და ვასალად ნამდვილად ბევრი ქვეყანაა. ბევრს ასეთად უნდა საქართველო, რომელსაც არც ეროვნული იდენტობა აქვს, არც სარწმუნოება აქვს, წარსულს ივიწყებს და მისი მომავალი ადვილი განსასაზღვრია.

განსხვავებული აზრი საქართველოში მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო დაცული, მაგრამ ვიტყოდი, რომ ბოლო პერიოდში ულტრალიბერალურად, ზედმეტად იყო დაცული, რაც უნდა გამოსწორდეს. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ განსხვავებული აზრი არსებობს: შენ ეს შეგიძლია დააფიქსირო იმ პლატფორმაზე, სადაც ხარ - საჯარო მოხელე ხარ და სამსახურის შემდეგ, სადაც ხარ, შეგიძლია იქ დააფიქსირო; პარლამენტში შეგიძლია ტრიბუნა და ყველა მექანიზმი გამოიყენო, რაც გაქვს; რიგითი მოქალაქე ხარ და სადაც ხარ, შეგიძლია შენი მოსაზრება დააფიქსირო და ასე შემდეგ. თუ ვინმე ვინმეს ამის გამო დასჯის, ეს არასწორია და ასეთი რამ არც ყოფილა, მაგრამ როდესაც შენ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას აყენებ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა რწმენა, ეკლესია, პატრიარქი, ტრადიციები, ეს, რა თქმა უნდა, დასჯადი უნდა იყოს. როცა აბსოლუტური უმრავლესობა რაღაც ღირებულებას პატივს სცემს და შენ თავს უფლებას აძლεύ, საჯარო სივრცეში გამოდიხარ და შეურაცხყოფას აყენებ ქართულ ეკლესიას, პატრიარქს, თქვენი აზრით, ეს დასჯადი არ უნდა იყოს?! უმრავლესობის უფლებები არ უნდა იყოს დაცული?!“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

27 ივლისს, MMA-ს მებრძოლმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა, გიორგი ქართველიშვილმა საქართველოში „ეროვნული ღირებულებების დაცვისა და მათ შეურაცხყოფაზე მყისიერი რეაგირებისთვის“ ახალი მოძრაობა შექმნა.

„უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ვიწყებთ ბრძოლას... არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი და, საჭიროების შემთხვევაში, ციხეშიც წავიდეთ“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

ამ მოძრაობის შექმნას წინ უსწრებდა იუმორისტსა და პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეზე, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა. 19 ივლისს, კომედიურ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ხუმრობის შემდეგ, პროსახელისუფლებო მედიამ („იმედი“, POSTV, „რუსთავი 2“) იუმორისტის წინააღმდეგ ძალადობის წამახალისებელი კოორდინირებული კამპანია დაიწყო, თითქოს მან გარდაცვლილ მწერალს შეურაცხყოფა მიაყენა.

22 ივლისს ოქრიაშვილს რამდენიმე პირი დაესხა თავს. პოლიციამ მხოლოდ ერთი მათგანი, 39 წლის ნიკო ხურცილავა დააკავა, რომელსაც სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გიორგი ქართველიშვილი პროსამთავრობო მედიის ეთერით აცხადებდა, რომ ხურცილავა „ქვეყნის დასაცავად მოქმედებდა“.

30 ივლისს მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ განაცხადეს, რომ ქმნიან საინიციატივო ჯგუფს, რომელიც „ეროვნული ფასეულობების“ დაცვისთვის საკანონმდებლო საფუძვლების მომზადებაზე იმუშავებს. „თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი შანიძემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.