ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ეხმაურება თსუ-ისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების საკითხს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
სენატის წევრების განცხადებით, დღემდე არ მიუღიათ კონკრეტული კვლევის შედეგები ან ნებისმიერი სხვა სახის დასაბუთება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით განათლების/კვლევის ხარისხის ამაღლების ან/და სხვა შესაძლო პოზიტიური გავლენის შესახებ.
სენატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ავტონომია უზრუნველყოფს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას მმართველობის პროცესებში.
„გაერთიანების საკითხი, გამჭვირვალობის, შესაბამისი აკადემიური თანამონაწილეობის, შიდა კონსულტაციებისა და უნივერსიტეტების მართვის ორგანოების რეალური ჩართულობის გარეშე, ქმნის რისკს ავტონომიის შეზღუდვის და ეწინააღმდეგება ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში დამკვიდრებულ მმართველობით სტანდარტებს“, - ვკითხულობთ 4 თებერვალს, წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე მიღებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, სენატი მიიჩნევს, რომ მსგავს მასშტაბურ ინსტიტუციურ რეორგანიზაციას თან ახლავს ადმინისტრაციული და აკადემიური რისკები, როგორიცაა: მართვის სისტემების არათავსებადობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტატუსის გაურკვევლობა, ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესების მართვის სისტემების შეუთავსებლობა და ორგანიზაციული არასტაბილურობა.
„გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე. გარდა ამისა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება გარდაუვლად გამოიწვეს, როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო ადგილების შემცირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სენატი მიიჩნევს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივა არ არის დასაბუთებული და ამდენად, მიზანშეწონილი.
სენატი მოითხოვს, პროცესის აკადემიურ სივრცეში დაბრუნებას, დიალოგს, უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ჩართულობას საკითხის შესწავლისას და ავტონომიურობის პრინციპის პატივისცემით გადაწყვეტილების მიღებას.
„ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია“, - ვკითხულობთ წარმომადგენლობითი საბჭოს განცხადებაში, რომელსაც სხდომაზე დამსწრე 40 წევრიდან 39-მა დაუჭირა მხარი.
