თუ ჭიღლაძე დამნაშავეა და არ დასჯიან, გავლენას იქონიებს საქართველოში რუსების მოგზაურობაზე - ზატულინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და დსთ-ის საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი რუსულ მედია „გაზეტა.რუ“-სთან თელავში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ადამიანმა, რომელმაც ზიანი მიაყენა სხვა ადამიანს, მიუხედავად მისი ეროვნებისა თუ მოქალაქეობისა, უნდა აგოს პასუხი, თუ საქმე მართლაც ასეა. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი, ვინც მას თავისიანის არგაცემის პრინციპით ამართლებენ, უბრალოდ აზიანებენ თვითონ საქართველოს იმიჯს. თუმცა, ჩემი აზრით, მოძალადის მეგობრების საქციელის განზოგადება თბილისში მცხოვრებ ყველა ადამიანზე ან მთელ საქართველოზე არ ივარგებდა“, - განაცხადა ზატულინმა.

მისივე თქმით, თუ გიორგი ჭიღლაძე ნამდვილად დამნაშავეა და მას საქართველოში არ დასჯიან „იმის გამო, რომ თავისიანია“, ეს სიტუაცია „გავლენას იქონიებს რუსეთში მყოფი ადამიანების მოტივაციაზე, რომლებიც საქართველოში გამგზავრებას აპირებდნენ“.

სტატიაში რუსული მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ „საქართველოში იმ მამაკაცის დასაცავად, რომელმაც რუსი ქალს ცხვირი გაუტეხა, მსვლელობა მოაწყვეს. ხალხი თბილისის ქუჩებში ანტირუსული ლოზუნგებით გამოვიდა. ისინი საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით პარლამენტის შენობიდან მთავრობის კანცელარიამდე მივიდნენ“.

საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექცია, რომელიც შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში ფუნქციონირებს, ელოდება, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოები სამართლებრივ შეფასებას მისცემენ რუს ტურისტ ქალთან დაკავშირებით თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტს. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედია TASS-ს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განუცხადეს.

ამასთან, რუსეთის ინტერესთა სექციაში აღნიშნეს, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო, რადგან დაზარალებულ ქალს რუსეთის ინტერესთა სექციისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.

დაზარალებულის ადვოკატმა ლალი აფციაურმა TASS-ს დაუდასტურა, რომ დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა.

ინციდენტი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 18 ივლისს, ქორწილის მიმდინარეობისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ სასტუმროს ნომრის აივნიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ქორწილის სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენეს და მუსიკალურ აპარატურას წყალი დაასხეს. თვითმხილველთა მონათხრობით, რუსეთის მოქალაქეები ქორწილის სტუმრებს ხანგრძლივ შეურაცხყოფას აყენებდნენ და საბოლოოდ ქორწილი ჩაშალეს. ამის შემდეგ, სიძის ძმა გიორგი ჭიღლაძე სასტუმროს ნომერში ავიდა და ერთ-ერთ ქალს, შელაპარაკების შემდეგ, სახეში მუშტი დაარტყა. იულია ნესტერიუკი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ერთ-ერთმა ტურისტმა, პოლინა კურტამ სოციალურ ქსელში შემდეგი წარწერით გაავრცელა: „საქართველოში კაცები ოთახში უვარდებიან და გოგოებს რუსული ლაპარაკის გამო სცემენ“. მოგვიანებით, თავად ნესტერიუკმა მედიასთან საუბრისას რუსული ენის ფაქტორი აღარ ახსენა, თუმცა დაადასტურა, რომ ქორწილის სტუმრებთან კამათს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ის უარყოფს პროვოკაციას და აცხადებს, რომ აივნიდან სითხე არ გადაუსხამთ. მისი თქმით, 5 გოგო დაბადების დღეს აღნიშნავდა, შამპანურის გახსნისას კი, შესაძლოა, ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე წვეთი დაეცა. ტურისტები ამტკიცებენ, რომ მათი მხრიდან ვულგარულ საუბარს ადგილი არ ჰქონია და კონფლიქტი თავად ქორწილის მონაწილეებმა დაიწყეს.

ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ დაკავებულის ახლობლები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ტურისტები აივნიდან სტუმრებსა და ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებდნენ, უწოდებდნენ მათ „პაპუასებს“, ისროდნენ ღვინოს, წყალსა და შარდს, ასევე აფურთხებდნენ მომღერლებს. ადვოკატის ინფორმაციით, ნომერში ასულ ჭიღლაძეს ტურისტმა რუსულად საუბარი მოსთხოვა, პასუხად კი მიიღო, რომ საქართველოშია და მხოლოდ ქართულად ან ინგლისურად უნდა ისაუბრონ. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ გიორგი ჭიღლაძე თავად არის დაზარალებული - რუსეთის მოქალაქე მას ყელში სწვდა და ფიზიკურად დაესხა თავს, რამაც აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულის საპასუხო დარტყმა გამოიწვია.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხა მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილიც, რომელიც ამბობდა, რომ ტურისტების მიერ გადმოსხმულმა სითხემ მისი მუსიკალური აპარატურა დააზიანა, რამაც, საბოლოო ჯამში, ქორწილის ჩაშლა გამოიწვია. შსს-ს ცნობით, მომღერლის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და ნივთების შემნახველი სივრცის დაზიანების გამო დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ცდილობდა, მრელაშვილისგან გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება მიეღო, რაზეც მან უარი განაცხადა. როდესაც მომღერალმა თელავის პოლიციის შენობიდან გამოსვლა სცადა, სამართალდამცველებმა ის ფიზიკური ძალის გამოყენებით უკან შეაბრუნეს. მოგვიანებით მრელაშვილმა განაცხადა, რომ „არანაირ ძალადობას“ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, არც მისი და არც პოლიციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) დააკავა და ბრალიც ამავე მუხლით წარუდგინეს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებრივ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე თამარ კაპანაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

„ჩადენილ დანაშაულს ვნანობ, თუმცა ჩემი მიზანი არ ყოფილა, ყველაფერი ასე დასრულებულიყო“, - განაცხადა გიორგი ჭიღლაძემ პროცესზე.

გათავისუფლების შემდეგ მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მისმა ადვოკატმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ვერსია, თითქოს კონფლიქტი რუსული ენის გამო დაიწყო: „მიზეზი იყო პროვოკაციული ქცევა, სხვადასხვა სითხის გადმოსხმა და შეურაცხმყოფელი კომენტარები. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მათ შორის სტუმარსაც, თუმცა სტუმარმა პროვოკაცია არ უნდა მოაწყოს“, - აღნიშნა ადვოკატმა ლაშა კაპანაძემ.

ადვოკატმა სასტუმროს პასუხისმგებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ 112-ში დაგვიანებით დარეკა, არადა დროული რეაგირების შემთხვევაში, ინციდენტის პრევენცია შესაძლებელი იყო. მისივე ცნობით, სასტუმრომ გამოთქვა მზაობა, გიორგი ჭიღლაძისთვის შეფარდებული გირაოს თანხა დაფაროს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.