ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 28 მილიონი ლარია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, თუშეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. წლის ბოლომდე, ტენდერი თუშეთის გზის ყველა მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება და მისი საერთო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
გზის ნაწილი, რომლის რეაბილიტაციაზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის დაახლოებით მე-7 კილომეტრიდან იწყება. 6 კმ დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარია, დანარჩენი მონაკვეთი კი გრუნტის გზაა. სარეაბილიტაციო მონაკვეთი რამდენიმე სერპანტინისგან და სამი ხიდისგან შედგება.
საპროექტო გზის სიგანე ცვალებადია 4,5 - 6 მეტრი. იქ, სადაც გზის სიგანე 4,5 მეტრია, გათვალისწინებულია გზის გაფართოება.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის პირველ 10 კილომეტრზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა 6 მეტრიანი სიგანით, მოსახვევებში გაფართოებები, დანარჩენ სამ კილომეტრზე პროექტი ბეტონის გზის მოწყობას ითვალისწინებს.
სატენდერო წინადადებების მიღება 10 აგვისტოს დაიწყება და 15 აგვისტოს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 14 თვეა განსაზღვრული.
სამუშაოების შემსრულებელს ევალება დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში ხარვეზები საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას.
კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით მხოლოდ გზის პირველ მონაკვეთზეა დაგეგმილი. დანარჩენი მონაკვეთების საფარი გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.
ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა ერთადერთი სამანქანო გზაა თუშეთამდე, რომელიც თელავის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით, ომალოს უკავშირდება. გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაჭრილი. თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.
