უდოს კომისიის უარი მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზე: პოლიციის უპატივცემულობა იქნება

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმე ე.წ. უდოს კომისიამ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. საბჭოს განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ მსჯავრდებული „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას“ და „პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავის უპატივცემულობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე წელიწადი და სამი თვეა პატიმრობაშია, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულს სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება აქვს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პენიტენციურმა დაწესებულებამ მზია ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობით სპეციალურ საბჭოს 12 იანვარს მიმართა. ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ დახასიათებაში ვკითხულობთ:

„დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მზია ამაღლობელი ძირითადად სარგებლობს საბიბლიოთეკო მომსახურებით, თავისუფალ დროს დაკავებულია კითხვით და წერით. ამჟამად დაასრულა იაპონური ენის შემსწავლელი ონლაინკურსი.

აღიარებს მომხდარ ფაქტს, თუმცა ამ შემთხვევას არ მიაკუთვნებს სისხლის სამართლის დანაშაულს.

ფსიქოლოგთან ინტერვიუირების პროცესში არ გამოკვეთილა მიდრეკილება ემოციური აგრესიისაკენ, ანტისოციალური ქცევისაკენ, ფსიქოლოგიური მოწყვლადობისაკენ. არ გამოკვეთილა რომელიმე ეს რისკ-ფაქტორი. არის კეთილგანწყობილი თანამოსაუბრის მიმართ. ვიზუალურად მოწესრიგებული. დიალოგში ერთვის მარტივად, თხრობის სტილი თანმიმდევრული, ლოგიკურად აყალიბებს არგუმენტებს, ჯანსაღი კოგნიტური და სოციალური უნარებით. აქვს მომავლის გეგმები. პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება, უნდა აღიდგინოს შრომისუნარიანობა, ასევე გააგრძელოს მოღვაწეობა პროფესიულ ნიშაში.

შეთავაზებულ იქნა შემთხვევის მართვის პროცესში ჩართვა, თუმცა მან მოცემულ ეტაპზე უარი განაცხადა, რის მიზეზადაც მიუთითა მიმდინარე სასამართლო პროცესები, ხოლო პროცესების დასრულების შემდეგ, მან გამოხატა მზაობა ჩაერთოს ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში.

სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია, ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია ორჯერ ხანმოკლე პაემნის უფლებით. შემჩნეული არ არის დაწესებულების დღის განრიგის და რეჟიმის დარღვევებში, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს. კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში. წარსულში არ არის ნასამართლევი“.

პენიტენციური დაწესებულების დადებითი დახასიათების მიუხედავად, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზე უარი თქვა. საბჭომ მიიჩნია, რომ მოხდილმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო რესოციალიზაცია.

გადაწყვეტილებაში, რომელიც მზია ამაღლობელს 30 მარტს ჩაჰბარდა, ნათქვამია:

„ადგილობრივმა საბჭომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მზია ამაღლობელის შუამდგომლობა პირობით ვადაზე გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად,

მზია ამაღლობელი დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას - ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.

ასევე, იგი სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით არ ერთვება ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროგრამებში, რაც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესთან.

ამ კრიტერიუმზე მსჯელობისას საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სწორედ იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდილმა ნაწილმა არანაირი გავლენა არ მოახდინა მზია ამაღლობელის რესოციალიზაციის პროცესზე. სასჯელის მიზანს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენის მიზანი კი მიღწეულია მაშინ, როცა სასჯელი საზოგადოებასა და დაზარალებულ პირს უბრუნებს სამართლიანობის უზენაესობის შეგრძნებას.

ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავის უპატივცემულობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას“.

საბჭომ დაასკვნა, რომ 14-თვიანმა პატიმრობამ ვერ უზრუნველყო ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და სამართლიანობის აღდგენა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის სინანული ან დანაშაულის აღიარება სავალდებულო პირობას არ წარმოადგენს.

საბჭოს წევრები არიან: თამარ გელოვანი - თავმჯდომარე (სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი); მარინა ყუფარაძე (სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი), ხატია თადიაშვილი (პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი), დავით ბუღაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი).

ამ დროისთვის მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში სამი საჩივარია რეგისტრირებული. საქართველოში კი საქმის განხილვა ყველა ინსტანციაში დასრულებულია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.