უკრაინამ და აშშ-მა ჟენევაში „სამშვიდობო გეგმის“ განახლებული ვერსია მოამზადეს

23 ნოემბერს, ჟენევაში გამართული შეხვედრა, სადაც უკრაინულმა და ამერიკულმა დელეგაციებმა აშშ-ის სამშვიდობო წინადადება განიხილეს, „კონსტრუქციული და „ურთიერთპატივისცემით სავსე“ იყო. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა და თეთრმა სახლმა გაავრცელეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოლაპარაკებების შედეგად, „განახლებული და გადამუშავებული სამშვიდობო ჩარჩო დოკუმენტი“ მომზადდა.

„უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას ერთობლივ წინადადებებზე. ისინი ასევე შეინარჩუნებენ მჭიდრო კონტაქტს ევროპელ პარტნიორებთან პროცესის წინსვლის პარალელურად.

ამ ჩარჩო დოკუმენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ.

ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აღდგენას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს, უზრუნველყოფდეს ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება შეერთებული შტატების და პირადად ტრამპის მიმართ „ომის დასრულებისკენ მიმართული ურყევი თავდადებისა და დაუღალავი ძალისხმევისთვის“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზოგიერთი საკითხი, მათ შორის ნატოს როლი, ჯერ კიდევ დასამუშავებელია, თუმცა მისმა გუნდმა „გადაუჭრელი საკითხების წრე დაავიწროვა“. რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება 27 ნოემბრისთვის იქნება მიღწეული, თუმცა მიანიშნა, რომ შესაძლოა ამას მეტი დრო დასჭირდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ მოამზადა, რომელიც მედიაში გავრცელდა. გამოცემა Axios წერს, რომ დოკუმენტი უკრაინას აიძულებს, დათმოს აღმოსავლეთში ტერიტორიები, შეზღუდოს თავისი სამხედრო ძალების რაოდენობა და დათანხმდეს, რომ ნატოში არასდროს გაწევრიანდება. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისთვის გეგმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით მოდელირებულ უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს და შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს ავალდებულებს, უკრაინაზე თავდასხმა მთელ „ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე“ თავდასხმად განიხილონ.

 

ამ თემაზე:

„უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.