უკრაინამ დააკავა უნგრეთის დაზვერვის ოფიცერი, რომელიც საქართველოშიც მუშაობდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ზოლტან ანდრე გამოავლინა, რომელიც ზაკარპატიის ოლქში მოქმედ ჯაშუშურ ქსელს ხელმძღვანელობდა. დადგინდა, რომ 2016-დან 2020 წლამდე ანდრე საქართველოში იმყოფებოდა, სადაც სადაზვერვო საქმიანობას უნგრეთის დიპლომატიური მისიის საფარქვეშ ეწეოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

უკრაინის კონტრდაზვერვის მონაცემებით, ანდრემ უკრაინის წინააღმდეგ აქტიური „სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობა“ 2021 წელს, საქართველოდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო.

გამოძიების თანახმად, ზოლტან ანდრემ ჯერ კიდევ 2021 წელს გადაიბირა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე,რომელიც „ძილის რეჟიმში“ იმყოფებოდა. მისი გააქტიურება 2024 წლის სექტემბერში მოხდა. ჯაშუშური ქსელის მთავარი ამოცანები იყო: უკრაინის თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილების და, რაც მთავარია, დასავლეთ რეგიონის ცის დამცავი საჰაერო თავდაცვის სისტემების საბრძოლო პოზიციების იდენტიფიცირება; რეგიონში სახმელეთო და საჰაერო „სუსტი წერტილების“ შესწავლა და ადგილობრივი მოსახლეობის განწყობების ანალიზი, კერძოდ, როგორ რეაგირებას მოახდენდნენ ისინი ზაკარპატიაში უნგრული ჯარების შესაძლო შეყვანაზე; კანდიდატების მოძიება უნგრეთის სამხედრო დაზვერვისთვის. პრიორიტეტს მოქმედი და ყოფილი სამხედროები, ასევე სამართალდამცავები წარმოადგენდნენ.

უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ზოლტან ანდრე გადასაბირებლად უნგრეთის დიპლომატიური დაწესებულებების რესურსებსაც იყენებდა. კერძოდ, მან ხელთ ჩაიგდო ადგილობრივი მცხოვრებლების პერსონალური მონაცემები, რომლებიც უნგრეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადებს ავსებდნენ.

თანამშრომლობის სანაცვლოდ აგენტებს სთავაზობდნენ ფულს, უნგრეთში სხვადასხვა შეღავათებს, ხოლო ერთ-ერთ სამხედროს, ფინანსური ანაზღაურების ნაცვლად, „პირადი მოხმარებისთვის“ ნარკოტიკების რეგულარულ მიწოდებასაც კი ჰპირდებოდნენ. დადგენილია, რომ ანდრე აგენტებთან შეხვედრებს ძირითადად საკუთარ ავტომობილში მართავდა და ფსევდონიმს იყენებდა.

ჯაშუშური ჯგუფის წევრებს შორის იყო უკრაინის ერთ-ერთი საბრძოლო ბრიგადის ყოფილი კონტრაქტორი ქალიც. უკრაინულმა კონტრდაზვერვამ ჯაშუშური ქსელი 2025 წლის გაზაფხულზე გაანეიტრალა. ამ ეტაპზე SBU აგრძელებს მუშაობას ქსელის ყველა წევრის გამოსავლენად.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.