უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს და განაცხადა, რომ მიუღებელია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საშინელი შედეგების ამსახველი სურათების პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყენება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ამსახველი სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას.
ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის აგრესიას. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი ასევე არის საქართველოში მშვიდობის ფასი“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მთავრობას და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის თემის შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან.
„უკრაინა თანმიმდევრულად, მყარად და მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება, და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს“, - აღნიშნეს უკრაინის საგარეო უწყებაში.
26 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, თბილისში გამოჩნდა მმართველი პარტიის ახალი საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ერთ-ერთ ბანერზე, მარცხნივ, გამოსახულია უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი ტაძარი, ხოლო მარჯვნივ - სამება. სხვა ბანერებზე ვხედავთ განადგურებულ მარიუპოლს და მის გვერდით - განათებულ ბათუმს, ასევე ხარკოვში დაბომბილ სპორტულ კომპელქსს, მის გვერდით კი რუსთავში ახლად აშენებულ მსგავს დაწესებულებას და ა.შ.. ბანერების შავ-თეთრ მხარეს, სადაც განადგურებული უკრაინული ქალაქები და შენობებია, გადახაზულია ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები - 4, 5, 9 და 25, ხოლო მეორე მხარეს „ქართული ოცნების“ ნომერი - 41-ია მითითებული.
„ხო, რუსეთის მიერ რომ არ დაიბომბოს და ბავშვები არ დახოცოს, საავადმყოფოები არ დაბომბოს, ეკლესიები არ დაბომბოს და ასეთი მსხვერპლი რომ არ გვქონდეს, ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ...
საზოგადოებამ უნდა იცოდეს განსხვავება - როცა ჩვენსავით იქცევა ხელისუფლება, რა გვაქვს სახეზე და როცა სხვანაირად იქცევა ხელისუფლება, რა შეიძლება იყოს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალ ბანერებს სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ ისინი „კგბ-ს სამჭედლოშია“ დამზადებული.
