უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვსა და სხვა რეგიონებზე, მასშტაბური იერიში მიიტანეს. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების შეფასებით, ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში (ზოგიერთი წყაროს თანახმად კი, ომის დაწყების შემდეგ) ყველაზე დიდი შეტევა იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა 555 დრონი ჩამოაგდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დედაქალაქის თავზე და მის შემოგარენში ჩამოგდებული დრონების რაოდენობამ 200-ს მიაღწია. შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კაპოტნიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აღმოჩნდა: დრონების დარტყმის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე სულ მცირე ორ რეზერვუარს მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა.
ამავდროულად, უსაფრთხოების მიზნით, მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვება შეიზღუდა. როგორც „როსავიაციაში“ განაცხადეს, აღნიშნული ზომა ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გახდა აუცილებელი.
მოსკოვის გარდა, დარტყმები განხორციელდა რუსეთის სხვა ოლქებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე: როსტოვის ოქლის ქალაქ გუკოვოში დრონების იერიშის შედეგად ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. რუსული მედიის ცნობით, ინციდენტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაზიანდა თბომავალიც.
ბელგოროდის ოლქში ქალაქ შებეკინოს მახლობლად, ინდუსტრიულ ზონაში მდებარე სავარაუდო სამხედრო საწყობში, სადაც აალებადი მასალები ინახებოდა, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
დრონებმა იერიში მიიტანეს ყირიმში არსებულ სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო და საავტომობილო ხიდებზეც.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაციას რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე განხორციელებული ტერორის „სამართლიანი პასუხი“ უწოდა.

„ამ ღამეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა სანქციებმა კვლავ მიაღწიეს მოსკოვის რეგიონს: ამ კვირაში მეორედ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ასევე დარტყმა მიაყენეს როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სამიზნეებს“, - დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი დასძენს, რომ „დროა, ეს ომი დასრულდეს და რუსეთმა აუცილებელი დიპლომატიური ნაბიჯები უნდა გადადგას“.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმის დროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში არ იმყოფებოდა - 17 ივნისს ის ორდღიანი ვიზიტით ქალაქ ყაზანში ჩავიდა სამიტზე დასასწრებად. გამოცემა Faridaily-ს ცნობით, პუტინი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში პირველად გავიდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ფარგლებს გარეთ.
