უკრაინაში სანქციების რისკის წინაშე მყოფთა სიაში შეიყვანეს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, მისი ხელმძღვანელები - თამაზ და დავით გაიაშვილები, ასევე, კომპანია Aero Handling Georgia, რომელიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ ავიაკომპანიებს ემსახურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
აღნიშნული პირებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაცია პორტალზე „ომი და სანქციები“ გამოქვეყნდა:
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) - საქართველოს ფლაგმანური გადამზიდავი. ბაზირებულია დედაქალაქის აეროპორტში, თბილისში. კერძო ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს ფრენებს საქართველოდან ძირითადად ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აეროპორტებში. კომპანია დაარსდა 1994 წლის სექტემბერში, სახელწოდებით „აირზენა“. „ჯორჯიან ეარვეისი“ მთლიანად კერძო კომპანიაა, რომლის წილების 80%-ს დავით გაიაშვილი ფლობს. მას აქვს თანამედროვე ფლოტი და შედგება საშუალო მანძილის Boeing 737 და CRJ თვითმფრინავებისგან. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტია, დირექტორი კი თამაზ გაიაშვილი. 2023 წლის 20 მაისს ქართულმა ავიაკომპანიამ მიიღო თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა და დაიწყო პირდაპირი ფრენები, რაც რუსეთის მიერ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის ცალმხრივი აღდგენის შედეგად მოხდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2023 წლის 10 მაისის განკარგულებით, გაუქმდა საჰაერო მიმოსვლაზე 4-წლიანი აკრძალვა და სავიზო შეზღუდვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედებდა. „ჯორჯიან ეარვეისის“ საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვნად გააქტიურებასა და გამარტივებას, მათ შორის საქართველოში რუსული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, იწვევს სანქციების გვერდის ავლის ახალი სქემების შექმნის რისკებს და ზრდის რუსული ბიზნესის ინტეგრაციას ქართულ ეკონომიკაში.
თამაზ გაიაშვილი - ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი, შპს „პილოტის“ მფლობელი და სომხური ავიახაზების (Air Dilijans) დამფუძნებელი. Air Dilijans-ს რუსეთში ფრენები არ შეუჩერებია და „ჯორჯიან ეარვეისს“ უწევდა მომსახურებას. 2019 წლიდან თამაზ გაიაშვილი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის იდეას. ის ბიძინა ივანიშვილის კაცადაა პოზიციონირებული.
დავით გაიაშვილი - ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი (80%) და თამაზ გაიაშვილის ძმა.
შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ (Aero Handling Georgia) – 2023 წლის 21 აპრილს შექმნილი კომპანია, რომელიც მომსახურებას უწევს „ჯორჯიან ეარვეისს“, ასევე უკრაინის მიერ დასანქცირებულ რუსულ ავიახაზებს, კერძოდ, Red Wings-სა და Azimuth Airlines-ს. ეს რუსული ავიახაზები რეგულარულად ახორციელებენ ფრენებს ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამრიგად, ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავების ეკიპაჟები არღვევენ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და მისი დატოვების წესს, რისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავდროულად, „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ ერთმანეთთან არიან დაკავშირებული მათი დამფუძნებლებისა და დირექტორების მეშვეობით: შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯიას“ დამფუძნებელი დავით წივწივაძე და „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულნი, ხოლო მეორე დამფუძნებელი დავით კვარაცხელია პრორუსი ქართველი მოღვაწის, „საქართველო-რუსული მეგობრობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ მეთაურის, ვალერი კვარაცხელიას ვაჟია. ის არის შპს „პილოტის“ დირექტორი, რომლის ერთადერთი მფლობელი „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილია.
პროექტი „ომი და სანქციები“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა. იგი წარმოადგენს მონაცემთა ბაზას კერძო პირებისა და კომპანიების შესახებ, რომლებიც ექვემდებარებიან სანქციებს (ან ჯერ არ არიან სანქცირებული) რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.