უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ გიორგი ფარცვანიას რუსეთში 28-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროპაგანდისტული რუსული მედია ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„ფარცვანიას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა“, – ციტირებს „რია ნოვოსტი“ კომიტეტის განცხადებას. საქართველოს მოქალაქეს ორი მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმაც დააკისრეს.
გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლიდან 2017 წლამდე და 2022 წლის თებერვლის შემდეგ გიორგი ფარცვანია დაქირავებული მეომრის სახით მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების, ასევე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რისთვისაც სისტემატურად იღებდა მატერიალურ კომპენსაციას.
გარდა ამისა, რუსული მხარის მტკიცევით, 2024 წლის აგვისტოში ფარცვანიამ, უკრაინის სხვა ძალოვნებთან ერთად, უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი იარაღითა და საბრძოლო მასალით, შემდეგ კი თავს დაესხა ბელგოროდის სოფელ პოროზს. ხაზგასმულია, რომ სოფელზე თავდასხმა გულისხმობდა სახლებში უკანონო შეჭარას და ორი მშვიდობიანი მოქალაქის დატყვევებას.
გიორგი ფარცვანია დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით, რომლებიც ეხება შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას, ტერორისტულ აქტებს, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-გადაცემა-გაყიდვა-შენახვა-გადაზიდვა-ტარებას და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის კონტრაბანდას.
2024 წლის აგვისტოში, გიორგი ფარცვანია რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გადასულ ერთ-ერთ სადესანტო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდოთი - „ოქროს ჯვრით“ არის დაჯილდოებული.
