საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. აღნიშნული უწყება ქვეყანაში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ფუნქციას ასრულებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
ინფორმაცია ადეიშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ თავდაპირველად საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სააკაშვილის განცხადებით, ადეიშვილი იმუშავებს „უკრაინაში დანაშაულის ჩამდენთა დაკავებასა და უცხოეთიდან მათ ექსტრადიციაზე, ასევე, უცხოეთში დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნაზე უკრაინის ტერიტორიაზე“.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ვებგვერდზე ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან მოიხსენიება. მანამდე მას უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია ეკავა.
აღსანიშნავია, რომ წარსულში ზურაბ ადეიშვილი თავად იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საერთაშორისო ძებნილთა სიიდან ის 2015 წლის აპრილში ამოიღეს. ინტერპოლმა ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ერთ-ერთი ქვეყნის მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი დაასახელა.
ზურაბ ადეიშვილს 2003-2012 წლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა მაღალი სახელმწიფო თანამდებობა ეკავა. მან საქართველო 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა.
საქართველოში ადეიშვილი დაუსწრებლად არის გასამართლებული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის: კობა დავითაშვილის გატაცების ორგანიზება და ფიზიკური შეურაცხყოფა; აკურის ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევა; ტელეკომპანია „იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობა; „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმე; ე.წ. „ციხის კადრების“ საქმე.
ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა 2021 წელს საკუთარი მოთხოვნით შეუწყდა და ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ბრალდებებს არ აღიარებს. უკრაინის ხელისუფლება კი საქართველოსთვის მის გადაცემაზე უარს აცხადებს.
2024 წელს ადეიშვილის გამოჩენამ უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ბელგიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მწვავე პროტესტი გამოიწვია. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ქვეყნებს მისი დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
