„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებების აგდებული ტონის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ უკრაინის პოზიცია“, - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ომის თემატიკის საარჩევნო კამპანიაში გამოყენებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„გასაკვირია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დაჟინებული მცდელობა, წაშალოს ქართველი ხალხის მეხსიერებიდან რუსეთის უამრავი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და აგრძელებს ჩადენას როგორც საქართველოს, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სამარცხვინოდ მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ რეკლამაში იყენებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის სურათებს. უკრაინულ უბედურებაზე თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინელი ხალხისადმი სრულ უპატივცემლობას და მზადყოფნას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უკრაინელი და ქართველი ხალხების ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს პოლიტიკური ქულების გამო.
„სინანულით ვაცხადებთ, რომ რუსეთის მიდგომების მიბაძვით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფასა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მხარდაჭერაში სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობის შეზღუდვით საქართველოს მთავრობა გადაიქცა კრემლის ქსეროქსად.
კიდევ ერთი სიმართლე უნდა შეგახსენოთ, რომლის გამჟღავნებაც დაავიწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერაზე საქართველოს ხელისუფლების უარმა, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენამ, 2000-იანი წლების დასაწყისში შემოღებული სავიზო რეჟიმის გაუქმებამ და ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურებამ საქართველო დააბრუნა მოსკოვზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმატში. საქართველოს ქალაქებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრედიტებული კერძო რუსული სკოლების გამოჩენა არა მხოლოდ აჩენს ეჭვს განათლების ხარისხის მიმართ, არამედ ქართველ ახალგაზრდებს შორის რასისტული პროპაგანდის გავრცელების საფრთხეს ქმნის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სარკასტულად ეხმიანება უკრაინაში ომით დანგრეული და საქართველოში მშვიდობის პერიოდში განახლებული ინფრასტრუქტურის „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდებზე გამოტანას. უწყება აღნიშნავს, რომ განადგურებულ ხერსონში უფრო ნაკლებადაა ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეფერხება, ვიდრე თბილისში:
„მოვუწოდებთ მათ, ვისაც სიმართლის გამჟღავნება სურს, საკუთარ ხალხსაც აუხსნას, თუ რატომ არის რუსი ოკუპანტების მიერ დანგრეულ ხერსონში, სადაც განზრახ განადგურდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ამჟამად უფრო ნაკლები შეფერხება სინათლისა და გაზის მიწოდებაში, ვიდრე მშვიდობიან თბილისში.“
უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს უკრაინის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან.
„ვიმედოვნებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება მშვიდობიან და დემოკრატიულ პირობებში და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს“, - ნათქვამია განცხადებაში.
9 ოქტომბერს, პროსახელისუფლებო ტელეარხის, „იმედის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა, „სიმართლე გააშიშვლა“. კობახიძის თქმით, რეალურად, საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში. „ამის გამო არიან შეწუხებული ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, უკრაინაში არსებული ვითარება სასურველად წარმოედგინათ ქართული საზოგადოებისთვის. უნდათ საქართველოში ომი, მეორე ფრონტი, შენ სასურველად უნდა წარმოგიჩინონ უკრაინის მდგომარეობა, იმისთვის, რომ გარკვეულ დონეზე მაინც მოგინდეს ომი და მეორე ფრონტი შენს ქვეყანაში. ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები ამ სარეკლამო მასალებით“, - განაცხადა პრემიერმა.
მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერებს „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ უწოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არაფერი უნახავს „ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი“. ზურაბიშვილის შეფასებით, ბანერები „კგბ-ს სამჭედლოშია“ დამზადებული.