უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ დღეს უკრაინა „ჩამოქცეულია“ და საქართველოში „მაიდანს ვერავინ ეღირსება“. დიპლომატიური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კობახიძის პოლიტიკური განცხადებები თანმიმდევრულ და პერმანენტულ დეგრადაციას განიცდის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის არამეგობრულ განცხადებებს და მის დამახინჯებულ შეფასებებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებები ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის უკრაინელი ხალხის გმირობასთან და ბრძოლასთან დაკავშირებით არის მიუღებელი და აღმაშფოთებელი.
არა უკრაინა, რომელიც იცავს თავს, არამედ მხოლოდ რუსეთი, რომელიც მოღალატურად თავს დაესხა ჩვენს მიწას, არის პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ნგრევაზე. აღსანიშნავია, რომ ქართველი თანამდებობის პირის განცხადებაში სიტყვა „რუსეთი“ არასოდეს ყოფილა ნახსენები.
სამწუხაროა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და პერმანენტული დეგრადაციის დანახვა, რომელთა გარჩევა რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებისგან ბოლო პერიოდში რთული გახდა.
რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ უკრაინის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებების, რომლებიც იმეორებს რუსულ ნარატივებს, გაკეთებისგან და საქართველოში შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში უკრაინის გამოყენებისგან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობისა და თავისუფლებისკენ, საკუთარი სახელმწიფოებრიობის და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირების განმტკიცებისკენ.
„შეგახსენებთ, უკრაინისთვის მაიდნის შედეგები რა იყო: მაშინ, რეალურად, უკრაინის ხელისუფლება გარედან დანიშნეს, ჯერ ერთხელ და მერე მეორედ. საბოლოო ჯამში კი, ვინც გარედან მთავრობა დანიშნა, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია იმ მოვლენებზე, რომლებიც შემდეგ ამ ქვეყანაში განვითარდა. 2013 წლამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქონდა, მისი ეკონომიკა კი 200 მილიარდი დოლარი იყო. დღეს ეს ქვეყანა ჩამოქცეულია. მისი ეკონომიკა კი ამდენი წლის შემდეგ, თვისობრივად შემცირებულია. ასევე, უკრაინის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ათიათასობით ადამიანი კი დაიღუპა. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? არავინ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 30 მაისს.
