უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის სიაში, სადაც პირები უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო შეჰყავთ, საქართველოდან ბიძინა ივანიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი მოხვდა. სანქცირების ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებს, სიაში შეყვანილ პირებს სანქციები დაუწესონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
სიაში შეყვანილ პირებზე შემდეგი ინფორმაციაა მითითებული:
ბიძინა ივანიშვილი - ქართველი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, საქართველოს ე.წ. არაფორმალური მმართველი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 10 ნოემბრამდე. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ე.წ. არაფორმალური მმართველია, რომელიც საქართველოს მთავრობას აკონტროლებს (სხვადასხვა დროს სასამართლოში მისი ინტერესების ოფიციალურ წარმომადგენლებად მოხსენიებულნი არიან ირაკლი ღარიბაშვილი (მოქმედი პრემიერ-მინისტრი), ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი), გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე) და საქართველოს სხვა თანამდებობის პირები). მას აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან, ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში. აქვს ბიზნესინტერესები გეორგი პოლტავჩენკოსთან - 2011 წლის 31 აგვისტოდან 2018 წლის 3 ოქტომბრამდე სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორთან, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება და ანნა კუვიჩკოსთან - რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთან 2016 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 12 ოქტომბრამდე და რეჟიმთან, რომელმაც მოამზადა და გაეროს ნორმატიული დოკუმენტების საწინააღმდეგოდ, ახორციელებს დაპყრობით ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ხდება უკრაინელი ხალხის გენოციდი. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ალექსანდრე ივანიშვილი - საქართველოს ე.წ. არაფორმალური მმართველის, ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ძმა, რომელიც ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში. ეხმარება რუსეთის რეჟიმს, რომელმაც მოამზადა და გაეროს ნორმატიული დოკუმენტების საწინააღმდეგოდ, ახორციელებს დაპყრობით ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ხდება უკრაინელი ხალხის გენოციდი. ამასთან, ცოლის მეშვეობით [ალექსანდრე ივანიშვილს] აქვს ბიზნესი რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
უჩა მამაცაშვილი - ბიზნესმენი, ქართველი ოლიგარქის, საქართველოს ე.წ. არაფორმალური მმართველის“ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში, რითიც ეხმარება რუსეთის რეჟიმს;
ტიტე მამაცაშვილი - უჩა მამაცაშვილის შვილი, შპს „GEO ORGANIKS“-ის თანადამფუძნებელი 2022 წლის 2 ივნისამდე. ტიტე უჩას ძე მამაცაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელიც ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში, რითიც ეხმარება რუსეთის რეჟიმს. დამატებით, შპს „GEO ORGANICS“, რომელიც მასთან არის ასოცირებული, უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის მაღალ შემოსავლიან ნაწილს და არის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო რუსეთის ხელისუფლებისთვის. კომპანიის შემოსავალმა 2021 წელს 367.0 მილიონი რუბლი შეადგინა, წმინდა მოგებამ 19.4 მილიონი რუბლი.
ქეთევან ხარაიძე - ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი, „GEOORGANICS LIMITED“-ის თანადამფუძნებელი. ქეთევან ხარაიძე არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი (ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლი). აწარმოებს ბიზნესს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
ირაკლი რუხაძე - ბიზინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი, შპპ „HUNNEWELL PARTNERS“-ის (დიდი ბრიტანეთი, ს/კ OC368393) თანადამფუძნებელი.
დავით ხიდაშელი - ბიზნეს პარტნიორია ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში, რითიც ეხმარება რუსეთის რეჟიმს. გარდა ამისა, დავით ხიდაშელი, შუამავლის, ქართლოს ედილაშვილის მეშვეობით მართავს ბერძნულ კომპანიას, სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და გადაწყვეტების გლობალურ მიმწოდებელ INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ს, შპს INTRACOM SVYAZ-ის დამფუძნებელს (ს/კ7703350629), რომელიც ახორციელებს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მიწოდებას, რითიც რუსეთის ბიუჯეტის მაღალ შემოსავლიან ნაწილს უზრუნველყოფს. კომპანიის შემოსავალმა 2021 წელს 2 მილიარდი რუბლი შეადგინა. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას;
სულხან პაპაშვილი - ბიზნესმენი, შპს „Paliastomi 2004“-ის თანამფლობელი, ElGreen-ის დამფუძნებელი. მნიშვნელოვან კონტროლს ახორციელებს შპს „Nanotree“-ზე - კვიპროსი; „Restllife Corporation limited“-ზე - დიდი ბრიტანეთი; TRAFALGAR INTEERNATIONAL INVESTMENTS CORP-ზე - ფლორიდა, აშშ; შპს „Baldwin Gardens“-ზე - დიდი ბრიტანეთი; შპს „Bloomhigh“ - დიდი ბრიტანეთი, „Beangree Llimited“-ზე - დიდი ბრიტანეთი; შპს „64 Chavchavadze“-ზე - საქართველო.
სულხან პაპაშვილი იყო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. ამჟამად არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. სულხან და ლაშა პაპაშვილები საქართველოს უმდიდრესი ადამიანების სიაში არიან და წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორებს. სულხან პაპაშვილმა 2007 წლიდან, ძმასთან ერთად, შექმნა უძრავი ქონების საინვესტიციო და განვითარების ჰოლდინგი, რომელშიც თითოეული 50 %-იან წილს ფლობს (ჰოლდინგი ოპერირებს და ფლობს აქტივებს საქართველოში) და შპს „Redix“ [„რედიქსი“] , როგორც მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი ხელმძღვანელობს. 2012 წლიდან „რედიქს ჯგუფმა“ ასევე მოახდინა ინვესტირება მომსახურების ბიზნესში, როგორიცაა რესტორნების ქსელები, ტურისტული მომსახურება და სპა და ჯანსაღი ცხოვრება. „რედიქს ჯგუფი“ ფლობს წილს თევზის გადამამუშავებელ ქარხნებში ფოთში, შპს „პალიასტომი 2004“. „რედიქს ჯგუფი“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ახორციელებს ერთობლივ პროექტებს წყალტუბოში, აბასთუმანსა და საქართველოს სხვა საკურორტო ქალაქებში.
კომპანია „ElGreen“-ს და მის დამფუძნებელს, სულხან პაპაშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ და ამჟამად ენერგოკომპანია „ElGreen“-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრ ზურაბ ნიღაიდელთან ერთად, საქართველოში ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს.
სულხან პაპაშვილი ასევე ფლობს ფოთში, თევზის საწარმო შპს „პალიასტომი 2004“-ის წილს. ფოტის საზღვაო პორტი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის უდიდესი პორტია და სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორები იყენებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ასავლელად.
ამრიგად, სულხან პაპაშვილს მჭიდრო კავშირები აქვს ბიძინა ივანიშვილთან, რაც ხელს უწყობს რუსეთის რეჟიმს, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აქვს ომი, რომლის ფარგლებშიც ჩადენილია კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები და ხდება უკრაინელი ხალხის გენოციდი.
ლევან ვასაძე - შპს „PROMETHEUS CAPITAL“-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, შპს „PET RETAIL“-ის თანადამფუძნებელი. ლევან ვასაძე არის ქართველი და რუსი ბიზნესმენი, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ალექსანდრ დუგინთან - პროპაგანდისტთან და კრემლის იდეოლოგთან, რომლის პოლიტიკური საქმიანობა მიზნად ისახავს ევრაზიული ზესახელმწიფოს შექმნას რუსეთის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ახალ ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციის გზით, რომელიც არის აშშ-ისა და კანადის მიერ სანქცირებული იმის გამო, რომ არის „ევრაზიის ახალგაზრდული კავშირის“ ლიდერი, რომელიც აქტიურად იწვევდა სამხედრო და საბრძოლო გამოცდილების მქონე ადამიანებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარეს საბრძოლველად და აცხადებდა, რომ უკრაინაში ფარულად იმყოფებოდა.
ლევან ვასაძე ასევე არის რუსეთში შინაური ცხოველების მაღაზიების უმსხვილესი ოპერატორის „ბეთჰოვენის“ (შპს „PET RETAIL“ (ს/კ7726650932) თანადამფუძნებელი, რომელიც ახორციელებს კომერციულ საქმიანობას ეკონომიკის სექტორებში, რაც უზრუნველყოფს რუსეთის ბიუჯეტის მაღალ შემოსავლიან ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში ომზე. 2021 წელს კომპანიის შემოსავალმა 6.4 მილიარდი რუბლი შეადგინა, წმინდა მოგება 27.3 მილიონი რუბლი იყო, რაც ომის წარმოებისთვის მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენს. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას
ოთარ ფარცხალაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი 2013 წლის ნოემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე. თანამდებობიდან გადადგა წინა ნასამართლობის გამო. არის ოლიგარქიული მმართველობის და ბიძინა ივანიშვილის (მისი რწმუნებულია) მიერ ძალაუფლების მიტაცების ერთ-ერთი მინაწილე.
ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი, შპს „Eurasian Invest“-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, „Smart Capital Management“-ის ბენეფიციარი მფლობელი. ფოთის საზღვაო პორტი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ყველაზე დიდი პორტია. ფოთის პორტში ნავთობტერმინალები „Petrocas“-ს ეკუთვნის, რომლის 49% რუსული სახელმწიფო კომპანია „Rosneft“-ის („როსნეფტი“) საკუთრებაში იყო უკრაინაში ომის დაწყებამდე.
„China International Group Corporation Limited“ ფლობს „Euro-Asian Management Group“-ის 50%-ს, ხოლო 50% შპს „Eurasian Invest“-ს ეკუთვნის. ივანე ჩხარტიშვილი „Eurasian Invest“-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და მისი ბიზნეს პარტნიორი რატი გვამერია დირექტორია. „Eurasian Invest“-ის 50%-იანი წილის მფლობელი ბრიტანული კომპანია „Brightstone Finance Limited“-ია, რომელიც, პანდორას დოკუმენტების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა.
საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი თავდაპირველად „Eurasian Invest“-ის დირექტორი იყო. შესაბამისად, ბრიტანული კომპანიები ასოცირდება ივანე ჩხარტიშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან.
ფოთის პორტში „როსნეფტის“ ჩართულობის გარდა, ჩხარტიშვილს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან სხვა კავშირებიც აქვს. 2019 წლის მაისში რუსულმა ენერგოჰოლდინგმა „Inter RAO“-მ („ინტერ რაო“) და ლუქსემბურგში მდებარე, ივანე ჩხარტიშვილთან აფილირებულმა „Evg Holding“-მა, დააარსეს ახალი კომპანია „Inter RAO Georgia“, წილების 50.01% და 49.99%-ით. კომპანია რუსული ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს. 2020 წელს „Evg Holding“-ის 49.99%-იანი წილი გადავიდა მის მიერ დაფუძნებული ქართული კომპანიის „AVG Georgia“-ს საკუთრებაში. ამ კომპანიას „Smart Capital Management“-ი, ივანე ჩხარტიშვილი მართავს.
ამრიგად, ივანე ჩხარტიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს ბიძინა ივანიშვილთან (საქართველოს ე.წ. არაფორმალურ მმართველთან), რომელიც ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში, რითიც ეხმარება რუსეთის რეჟიმს, რომელმაც მოამზადა და გაეროს ნორმატიული დოკუმენტების საწინააღმდეგოდ, ახორციელებს დაპყრობით ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ხდება უკრაინელი ხალხის გენოციდი.
გიორგი კაპანაძე - ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს პარტნიორი, ბიძაშვილი. თანადამფუძნებელი, გენერალური დირექტორი კომპანიების: შპს „GEO ORGANIKS“ (ს/კ 7736309721), შპს „GEO-MED“ (ს/კ 7736328315), შპს „GEO-VED“ (ს/კ 97292867881). თანადამფუძნებელი: შპს „OV LIMITED“ (ს/კ 7725845181). გენდირექტორი: შპს „GEO-INNOVATSIYI“ (ს/კ 9729299321). თანამესაკუთრე: შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, „ვარციხე“.
გიორგი დავითის ძე კაპანაძე არის არის ბიზნეს პარტნიორი ტიტე უჩას ძე მამაცაშვილისა, რომელიც, თავის მხრივ, არის ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი და ნდობით აღჭურვილი პირი. კაპანაძე ასევე არის შპს „GEO ORGANICS“-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. კომპანია სპეციალიზირებულია ფარმაცევტული პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობაში, აწარმოებს ბიზნესს ეკონომიკის სექტორებში, რაც უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის მაღალ შემოსავლიან ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში ომზე. 2021 წელს კომპანიის შემოსავალი იყო 367 მილიონი რუბლი, წმინდა მოგება – 19.4 მილიონი. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
უკრაინის სანქცირების ჯგუფის ვებგვერდზე მითითებულია, რომ პროექტის პარტნიორია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, რომელიც 2015-2016 წლებში უკრაინის ეროვნულ პოლიციას ხელმძღვანელობდა, ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვის დასანქცირება მოხდა მათი რუსული კავშირების გამო.
„უკრაინის მიერ ივანიშვილის, ხიდაშელის, მამაცაშვილების, რუხაძის და სხვების დასანქცირება არის პირველი ნაბიჯი დიდი საერთაშორისო საქნციების. ყველა ინფორმაცია გადაცემულია ჩვენი საერთაშორისო პარტიორებისთვის. ინფორმაცია მარტო ამ ადამიანების გარშემო არ შემოიფარგლება. ნებისმიერი მთავრობის, პარლამენტის ან ბიზნესის წარმომადგენელი, რომელიც აქტიურად ეხმარება ივანიშვილს რუსული გავლენის გასაძლიერებლად, მოხვდება სანქციების ნუსხაში“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასერიოზული უწოდა უკრაინის სანქცირების ჯგუფის სიაში ბიძინა ივანიშვილის და საქართველოდან სხვა პირების შეყვანას:
„საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, რომ უკრაინა იხრჩობა კორუფციაში. ეს არ არის მარტო ამ ხელისუფლების პრობლემა, მოჰყვებათ წინა ხელისუფლებებიდან, მაგრამ დღემდე ნული პროგრესი აქვთ ამ კუთხით. როდესაც ასეთი ქვეყნის ანტიკორუფციული სააგენტო რაღაც სიას დებს, ეს უკვე არასერიოზულია, ეს მართლა სასაცილოც კი არ არის.
ეს ერთი და მეორე, ეს ხომ ახალი არაფერი არ არის? ამაზე ლაპარაკობს არახამია (იგულისხმება უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია) უკვე თვეებია. ეს, რა თქმა უნდა, მათი დღის წესრიგია და ამის უკან რა იმალება, ესეც ძალიან კარგად ვიცით. არგუმენტი ხომ უნდა იყოს მოყვანილი. ერთადერთი რაც მითხრეს ისაა, რომ მიწერილია ყველგან ევტუშენკოვის გვარი. იმ ევტუშენკოვის, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი. ბაიდენის შვილის ბიზნეს პარტნიორია და ამ პარტნიორობისა და თეთრ სახლთან მჭიდრო კავშირის გამო, ამერიკამ არ შეიყვანა თვითონ ევტუშენკოვი სანქცირებულთა სიაში. ევტუშენკოვი არ შეიყვანეს სანქცირებულთა სიაში და ევტუშენკოვთან კავშირის გამო ბიძინა ივანიშვილი შეიყვანეს, ეს ხომ საოცრებაა. ასეთ აბსურდში არიან ესენი შესული“.
ოთხი თვის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ვლადიმერ ევტუშენკოვსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერი, სადაც დავით ხიდაშელიც ფიგურირებს. აუდიოჩანაწერის მიხედვით, რუსმა ოლიგარქმა თბილისში საკუთარი წარმომადგენელი - ალი უზდენოვი გამოგზავნა, რომელიც ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეახვედრა. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მიმართა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ. არახამიას თქმით, ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან“ და რუსეთს ეხმარება.