სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ უფასო სასადილოების პროგრამისთვის გამოყოფილი 3 529 000 ლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით 5 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან შპს „Aladashvili & co“-ს და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 5 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
აღნიშნულ კომპანიებს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 14 451 მოქალაქის უფასო კვებით უზრუნველყოფა ევალებოდათ.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განმარტა, რომ 2023-2026 წლებში „Aladashvili & co“-სა და თბილისის ოთხი რაიონის (ისანი, ჩუღურეთი, მთაწმინდა, კრწანისი) გამგეობებს შორის ჯამში 12 ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა საერთო ღირებულება 26 513 573 ლარს შეადგენდა.
გამოძიების მასალების მიხედვით, კომპანიის დირექტორმა, რეზო ალადაშვილმა, 22 სასადილოდან 4 სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“. ბრალდების თანახმად, 2024-2026 წლებში ბენეფიციარებს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ და არ ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს. თანხების მითვისება ხდებოდა პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით.
„გამოძიებით დგინდება, რომ შპს Aladashvili & co-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, 3 529 000 ლარს“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლება) და 25-180-ე მუხლით (დანაშაულში დახმარება) მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
უფასო სასადილოების პროგრამა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დღეში ერთხელ კვებით უზრუნველყოფს. თბილისში თითო ბენეფიციარზე დღიურად 1.70 ლარია გამოყოფილი.
პროგრამის ხარვეზებზე სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშშიც არის საუბარი: „მენიუ დამოკიდებულია მხოლოდ ბიუჯეტზე, ენერგეტიკული ღირებულება და ჯანმრთელობის ან ასაკობრივი ფაქტორები უგულებელყოფილია, სპეციალისტები პროცესში თითქმის არ მონაწილეობენ და მენიუ ხშირად წლობით უცვლელია“.
