კალასი: თუ თბილისი დათქმულ ვადაში გარკვეულ პირობებს არ შეასრულებს, უვიზოს შეჩერება მოგვიწევს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველო ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ვხედავთ საქართველოში სერიოზულ უკუსვლას და განვიხილავთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ზომები, რომლებმაც შეიძლება აიძულოს საქართველოს მთავრობა შეცვალოს თავისი გათვლები“, - განაცხადა კალასმა ბრიუსელში, საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

კაია კალასმა დაადასტურა, რომ საბჭოსთვის წარდგენილია დასასანქცირებელი პირების სია და რომ ამ სიაში მოსამართლეებიც არიან.

„დიახ, შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ გამოტანილი განაჩენები, მათ შორის ახალგაზრდა მომიტინგეების წინააღმდეგ მართლაც ძალიან, ძალიან, არაპროპორციულია. ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ამ აპარატის ნაწილია. ასე რომ, დიახ, სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა. ამას განვიხილავთ.

როგორც იცით, ადრე გვქონდა ბლოკირება. ამასთან დაკავშირებით ასევე განვიხილავთ ჩვენს სამუშაო მეთოდებს“, - განაცხადა კალასმა.

შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა დღეს რაიმე გადაწყვეტილების მიღება, უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეცდებიან წევრი ქვეყნის ვეტოს დაძლევას.

გარდა ამისა, კაია კალასის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გაუგზავნიან წერილს, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერებას ეხება. წერილში ჩამოთვლილი იქნება „გარკვეული პირობები“, რომელთა შესასრულებლად „ქართულ ოცნებას“ ვადას მისცემენ.

„თუ ეს პირობები ვადაში არ შესრულდება, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს“, - აღნიშნა კალასმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში 27-ვე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან. მას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი თავმჯდომარეობს. სანქციებზე გადაწყვეტილების მიღებას 27-ვე წევრის თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე კონსენსუსს ხელს უნგრეთი და სლოვაკეთი უშლიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.