ვადეფულის თქმით, ბუნდესვერი ირანის ომში ჩართვას არ აპირებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ირანის ომში გერმანიის შეიარაღებული ძალების,  ბუნდესვერის, მონაწილეობა გამორიცხა. „ჩვენ არ ვგეგმავთ და არც მივიღებთ ამაში მონაწილეობას“, - განაცხადა ვადეფულმა ორშაბათს, 2 მარტს, აზოგადოებრივ რადიოსთან, Deutschlandfunk-თან ინტერვიუში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მანამდე, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის (E3) ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში, ირანის თავდასხმების საპასუხოდ „თავდაცვით ზომებს“ მიიღებენ.

„ჩვენთვის ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბუნდესვერის ჯარისკაცები თავს დაიცავენ თავდასხმის შემთხვევაში“, - განმარტა ვადეფულმა და დასძინა, რომ „შემდგომი ზომები“ არ იგეგმება.

გერმანელი ჯარისკაცები იორდანიასა და ერაყში იმყოფებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის აშშ-ს დაუთმოს თავისი სამხედრო ბაზები, რაც გერმანიას რეგიონში არ გააჩნია.

1-ელ მარტს პარიზმა, ლონდონმა და ბერლინმა განაცხადეს, რომ აღშფოთებულნი არიან ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული განურჩეველი და არაპროპორციული სარაკეტო დარტყმებით, მათ შორის იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც თავდაპირველად არ იყვნენ ჩართულნი თეირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციაში.

„ირანის წინდაუხედავი თავდასხმები მიმართულია ჩვენი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ, საფრთხეს უქმნის ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას მთელ რეგიონში“, - განაცხადეს სამი ქვეყნის ლიდერებმა.

პარიზმა, ლონდონმა და ბერლინმა თეირანს „წინდაუხედავი თავდასხმების“ დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ გადადგამენ ნაბიჯებს საკუთარი და რეგიონში თავიანთი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, „პოტენციურად აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების განხორციელების გზით, რათა განადგურდეს ირანის შესაძლებლობა, გამოიყენოს რაკეტები და დრონები“.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე აშშ-სთან და რეგიონში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ“, - ნათქვამი იყო დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებაში.

28 თებერვლის შემდეგ ირანმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ახლო აღმოსავლეთის 9 ქვეყანაში. ესენია ბაჰრეინი, ერაყი, იორდანია, ქუვეითი, ომანი, ყატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ირანულმა დრონმა ასევე დაარტყა კვიპროსში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 1-ელ მარტს დაადასტურა, რომ ომში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. CBS News-ის ცნობით, დაღუპულები ქუვეითში დისლოცირებულ ამერიკელ ჯარისკაცებს შორის იყვნენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება მანამ, „სანამ ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული“ და რომ შესაძლებელია, მეტი მსხვერპლი იყოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.