ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ.
ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რამლებმაც გამოიწვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოაცხადა ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურებს.
მას შემდეგ ნეგატიური ტენდენცია მხოლოდ გაუარესდა რეპრესიების საგანგაშო მუქარით, ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ძალაში შესვლით, რომელიც ახდენს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებას, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ და მათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყს აკრავს, ცოტა ხნის წინ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ზღუდავს ლგბტი ადამიანების უფლებებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმებით.
გარდა ამისა, ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის გაძლიერებას. ევროკავშირი არ შეეგუება, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელონ ცრუ ნარატივები ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ.
ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, შეცვალოს თავისი მიმდინარე ქმედებები. სასწორზეა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მასშტაბები და სიღრმე.
ჩვენ მოველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ იგი უზრუნველყოფს მოახლოებული არჩევნების სამართლიან და თავისუფალ ჩატარებას. მოველით, რომ იქნება დაცული ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციები, მათ შორის, საარჩევნო კამპანიების თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართვა.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ხელი გამოწვდილი რჩება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
გარმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ აგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.