ვალტონენის თქმით, კობახიძესთან შეხვედრა გუშინ თავად გააუქმა გრაფიკში ცვლილების გამო

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის შეხვედრა ირაკლი კობაიძესთან „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივით არ გაუქმებულა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გამოცემა Helsingin Sanomat-ის ცნობით, მათთან ინტერვიუში ვალტონენმა განაცხადა, რომ შეხვედრა გრაფიკის ცვლილების გამო გაუქმდა და ამის შესახებ ქართულ მხარეს გუშინ ღამით აცნობეს.

ვალტონენი უარყოფს „ქართული ოცნების“ მთავრობის მტკიცებას, თითქოს მან მონაწილეობა მიიღო რაიმე კანონსაწინააღმდეგო აქციაში ან ცრუ განცხადებები გააკეთა.

„მე სპეციალურად მივიდი საქართველოში კვირებისა და თვეების განმავლობაში მიმდინარე პროტესტის სანახავად. მინდოდა, გამომეხატა მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ“, - განაცხადა ელინა ვალტონენმა.

შეკითხვას, თუ რას ფიქრობს საქართველოს მთავრობის რეაქციაზე, ვალტონენმა უპასუხა, რომ მათი გადასაწყვეტია, რა რეაქცია ექნებათ.

„სამწუხაროდ, ჩემი რეაქცია იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმება, იმისათვის, რომ აზერბაიჯანში გავმგზავრებულიყავი“, - აღნიშნა მან.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც განაცხადეს, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გააუქმა, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატიიდან ირკვევა, თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ელინა ვალტონენი აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას ორშაბათს, 13 ოქტომბერს უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა გადაიდო, რადგან ვალტონენის ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეგვიპტეში, ღაზას სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობდა. აზერბაიჯანში ვიზიტი 15 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.

ფინეთის საგრეო საქმეთა სამინისტრომ ირაკლი კობახიძესთან მეორე შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

ელინა ვალტონენი სამხრეთ კავკასიაში ოფიციალური ვიზიტით, ეუთოს თავმჯდომარის რანგში იმყოფება. 14 ოქტომბერს ის საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა, შეხვდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს, დღის ბოლოს კი რუსთაველის გამზირზე მივიდა და პროევროპული აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ვალტონენმა რუსთაველის გამზირზე ვიდეოც გადაიღო, რომელშიც ამბობს, რომ მხარს უჭერს მშვიდობიან აქციას, სადაც ქართველები გამოთქვამდნენ შეშფოთებას მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის გამო.

ელინა ვალტონენმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის დროსაც გააკრიტიკა. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს მოწოდების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები გრძელდება.

15 ოქტომბერს, დილით, იმ დროს, როდესაც ელინა ვალტონენი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო“. მალევე განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ელინა ვალტონენი „ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორების“ მხარდაჭერაში, საქართველოს კანონმდებლობის და დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.