საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) აცხადებს, რომ ის საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, ვიდრე, ერთი წლის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით გამოძიება არ დასრულდება და დამნაშავეები არ დაისჯებიან. სავარაუდოდ სუს-ის ჩანაწერებში, რომლის ნამდვილობაც არაერთმა პირმა დაადასტურა, მეუფე ზენონიც ბევრჯერ არის ნახსენები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ეპისკოპოსის თქმით, გამოძიების მოთხოვნით მან საქართველოს გენერალურ პროკურორს ერთი წლის წინ მიმართა.
„რაც ხელისუფლებამ იკადრა საქართველოს ეკლესიის, თავისი მოქალაქეების, ჩემს წინააღმდეგ?! დიახ, მე პროკურატურაში შევიტანე საჩივარი ერთი წელია. ეს ხმამაღლა არ მითქვამს. მგონი, ერთადერთი სასულიერო პირი ვარ იერარქიიდან, ვინც ეს გააკეთა. სამი წერილი გავგზავნე, გენერალურ პროკურორსაც მივმართე. ვინ ჩაიდინა სისტემური დანაშაული საქართველოს სახელმწიფოს სახელით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით, ვითხოვ ამის გამოძიებას, დასჯას. ასევე, ვითხოვ იმ ადამიანების დასჯას, ვინც კანონით აკრძალული მიმართულებებით იმოქმედა შემდეგ, მათ შორის, სასულიერო პირების - არ არსებობს, ვინც არ უნდა იყოს, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ჩემგან არ ექნება შეწყალება! ყველა ჩემს შესაძლებლობას, სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ყველამ აგოს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს. ვინც ადამიანის ღირსებას, ადამიანის ცხოვრებას აბუჩად იგდებს და ამით სულსა და ცხოვრებას სამუდამო დაღს ასვამს, იმან პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა მეუფე ზენონმა ლონდონის ტაძარში ქადაგებისას.
მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში პროკურორი მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდა და აცნობა, რომ დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად საქართველოში უნდა დაბრუნდეს.
„ვუთხარი, ახლა ვერ შევძლებ ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, რაღაც დროის შემდეგ შევძლებ. არის მეორე საკითხიც - პრინციპულადაც, ვიდრე პასუხს არ აგებს დამნაშავე, მე მაგ ქვეყანაში ფეხს არ დავდგამ. ეს არის ჩემი ღირსების საკითხი. თუ ვინმეს ღირსება არ აქვს - ჩემს კოლეგას, მარტივად რომ ვთქვა - ეს მისი პრობლემაა. მე მაქვს ღირსება! ჩემს სულში ვერავინ ვერ აფათურებს ხელებს. ...ჩემს უსაფრთხოებას, თქვენს, ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოებას, ათეულობით ადამიანის ცხოვრებას საფრთხე აქვს საქართველოში - საიდან ვინ უსმენს, საიდან ვინ რა ჭორს უვრცელებს, საიდან ვინ აედევნება... ეს გამოჩნდა, რომ ეს საფრთხე არსებობს“, - აღნიშნა მეუფე ზენონმა.
მთავარეპისკოპოსმა არ დაადასტურა, რომ დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი აქვს მოთხოვნილი. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მასთან დაპირისპირებულმა სასულიერო პირმა, არქიმანდრიტმა დოროთემ (ბარბაქაძე) გაავრცელა.
„ერთი წლის წინ საქართველოს ტელევიზიებმა საუბარი დაიწყეს იმის შესახებ, მე პოლიტიკური თავსესაფარი ვითხოვე თუ არა. იმ დღეს მე თავზარი დამეცა, რადგან ამის გამავრცელებელი არქიმანტრიდი დოროთე აღმოჩნდა. ეს ჩემთვის დღემდე უდიდესი ტრაგედიაა“, - განაცხადა მეუფე ზენონმა.
მთავარეპისკოპოსმა არქიმანდრიტ დოროთეს და კიდევ ორ სასულიერო პირს, რომლებსაც დაუმორჩილებლობასა და მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს, მღვდელმსახურება შეუჩერა.
ერთი წლის წინ, 2021 წლის სექტემბერში, ინტერნეტში გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები, რომლებიც ათასობით ჩანაწერს აერთიანებს. გავრცელებული მასალები ძირითადად მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, მათ კომუნიკაციას და სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების დეტალებს ეხება. პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს. დაზარალებულად ცნეს ჟურნალისტებიც, რომლებიც ფაილებში ფიგურირებენ. მათ ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურეს.
სუს-ის ფაილებში არაერთხელ არის ნახსენები მეუფე ზენონიც:
16.05.19 - დმანისის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული მომღერალ თამარ ჭოხონელიძესთან საუბარში აღნიშნავს, რომ პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირს აქვს არაკანონიერი სტატუსი, რაც დასტურდება საეკლესიო კანონიკიდან. მისივე თქმით, შ. მუჯირი არის რუსეთის მიერ წარდგენილი კანდიდატი და რუსული ეკლესიის ინტერესების გამტარებელი. გარდა ამისა, ზ. იარაჯული აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში არის უამრავი არაკეთილსინდისიერი ადამიანი.
17.06.19 - დმანისის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილთან საუბარში უარყოფითად აფასებს მ/წ 16 ივნისს ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ აქციას. მისი თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე გაკეთდა განცხადებები, რაც შეაფერხებს საქართველოს პროდასავლური მიმართულებით სვლას. მისი ვარაუდით, შესაძლოა „ლგბტ“ თემის აქტიურობა ხელოვნურად იყოს პროვოცირებული, რათა საქართველოში გააღიზიანონ მოსახლეობის დიდი ნაწილი და ამით გაძლიერდნენ რადიკალურად მოაზროვნე ჯგუფები. გ. ბერბიჭაშვილის თქმით, შესაძლოა გარკვეული ძალები მანიპულირებდნენ საზოგადოებაზე, რათა მოსახლეობას დაანახონ დასავლეთის „უმსგავსობა“ და გაუჩინონ რუსეთთან დაახლოების სურვილი.
17.06.19 - მთავარეპიკოპოსი ზენონ იარაჯული და მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი მიიჩნევენ, რომ „ლგბტ“ თემის საწინააღმდეგო პროცესებში საპატრიარქოს უკავია არასწორი პოზიცია, რადგან აკეთებენ რადიკალურ განცხადებებს და საზოგადოებას მოუწოდებენ ძალადობისკენ. გ. ბერბიჭაშვილის თქმით, „ყველაფერი ერთი პიროვნებიდან მოდის" (გულისხმობს პატრიარქ ილია მეორეს). მისივე განცხადებით, საპატრიარქოს სჭირდება საზოგადოებაში ასეთი იდეების დამკვიდრება და არ გამორიცხავს, რომ „ლგბტ“ თემის საწინააღმდეგო აქტივისტთა გარკვეული ნაწილი თავად იყოს მამათმავალი. აღნიშნულზე ზ. იარაჯულმა განმარტა - „აღარ დავასახელებ, თვითონ ამ იდეების შემოქმედი თავისი ბიოგრაფიით როგორაა ცნობილი“. ზ. იარაჯულის სიტყვებით, პატრიარქი საზოგადოებაში ავრცელებს „ბოროტ იდეებს და ენერგიას“, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება თავად ილია მეორის რჩეულ შიო მუჯირზე.
22.06.19 - დმანისის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება - „უნდა მოვითხოვოთ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, დაპატიმრებული პირების განთავისუფლება“. აღნიშნულზე გ. ბერბიჭაშვილს პასუხი არ გაუცია.
20.08.19 - დმანისის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა ამავე ეპარქიის წმ.გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარ დიონისე გვიმრაძეს აცნობა, რომ მ/წ 22 აგვისტოს, 15 საათზე მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას ინიციატივით, შეიკრიბებიან ლიბერალურად და პროდასავლურად განწყობილი მღვდელმთავრები, რომლებიც გეგმავენ სინოდის ჩატარების მოთხოვნას ამავე წლის სექტემბრის ბოლოს. ზ. იარაჯულის განმარტებით, თუ მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი საბოლოოდ დარჩება ქუთაისის ეპარქიაში, ეპისკოპოს მიქაელ გაბრიჭიძეს სთხოვს რუსთავის ეპარქიაში გადასვლას, ხოლო თავად ზ. იარაჯული გადაინაცვლებს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში. მისივე თქმით, ხსენებული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, იგი დმანისის ეპარქიის მმართველად წარადგენს დ. გვიმრაძეს. ეპისკოპოსი გეგმავს, რომ ყოველივე ზემოხსენებული აცნობოს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს, რის შემდგომაც გეგმავს დაუკავშირდეს მ. გაბრიჭიძეს და გააცნოს თავის სურვილი ეპარქიის ცვლილებასთან დაკავშირებით.
24.10.19 - თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელ გაბრიჭიძე დმანისის მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯულთან დაინტერესდა, ეს უკანასკნელი ესაუბრა თუ არა პატრიარქ ილია მეორეს ეპარქიების ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე ზ. იარაჯულმა განმარტა, რომ მისი გეგმების შესახებ მოახსენა მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მ/წ ნოემბრის თვის დასაწყისში გაესაუბრება პატრიარქსაც.
28.11.19 - დმანისის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან საუბარში აღნიშნავს, რომ აღარ სურს საქართველოში დარჩენა და მ/წ 22 დეკემბერს ხანგრძლივი ვადით გეგმავს დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზ. იარაჯული ამზადებს საბუთებს ვიზის მისაღებად, რისთვისაც დიდი ბრიტანეთის საკონსულომ მოითხოვა საბანკო ამონაწერი და ცნობა ნაშთის შესახებ. აღნიშნული პროცედურების მოსაგვარებლად მთავარეპისკოპოსი დაუკავშირდა „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც თავის მხრივ ზ. იარაჯულს გაუწია დახმარება.
13.02.20 - დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან საუბარში აღნიშნავს: „ეს პეტრე და სარია ისევ მამაძაღლობენ და მუხრუჭი უნდათ მაგათ. როგორ შეიძლება ასე? ვისი რა საქმეა, ვინ ვისთან წევს, მაგას ზემოთ ღმერთი გადაწყვეტს და დასჯის. ეგაა უკვე საპატრიარქო ინსტიტუტის ჩამოშლის მცდელობა და სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს. რას აკეთებს უშიშროება? ჩაერიოს და შეაჩეროს მათი ქმედებები.“
21.03.20 - დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა თავის ახლობელს მიხეილ მაღრაძეს სთხოვა, გაესაუბროს მის (მაღრაძის) ნათესავს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს და გადასცეს ზ. იარაჯულის პოზიცია კორონავირუსთან და სინოდის სხდომის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მთავარეპისკოპოსის თქმით, ა. გამყრელიძე არ არის ანგარიშვალდებული ქართულ ეკლესიასთან, მან უნდა იმოქმედოს ვითარებიდან გამომდინარე და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად. ზ. იარაჯულის აზრით, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სინოდის გადაწყვეტილება იყო არასწორი, რადგან შესაძლოა ქართული ეკლესია გახდეს ვირუსის მასობრივი გამავრცელებელი. მისივე თქმით, იგი საჯაროდ ვერ დააფიქსირებს თავის აზრს, რადგან არ სურს საზოგადოებას გაუჩნდეს დამატებითი შიშის საფუძველი. მ. მაღრაძემ მთავარეპისკოპოსის თხოვნაზე განაცხადა თანხმობა და განმარტა, რომ მის მოსაზრებას აუცილებლად გადასცემს ა. გამყრელიძეს.