„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიას სიტყვით მიმართა. დაახლოებით 11 წუთიანი გამოსვლის დროს, მან საქართველოს ისტორიაზე, ქართველებისთვის მშვიდობის მნიშვნელობაზე, მისი პარტიის „პრაგმატულ პოლიტიკასა“ და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. ყაველაშვილმა მიმართა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებსაც, თუმცა სიტყვა ისე დაასრულა, რუსეთი არცერთხელ უხსენებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 5 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 6 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
„მე წარმოვადგენ სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით აღსავსეა. [...] საქართველოს ისტორია, ეს არის დამპყრობლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის უწყვეტი ქრონიკები“, - თქვა გამოსვლის დასაწყისში ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა.
„სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტისა და უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების პირობებში, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, იდეოლოგიური პოლარიზაცია, კულტურული გაუცხოება, ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისები, საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე.
ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, საუკუნეების მანძილზე საქართველო ცივილიზაციათა გზაჯვარედინს წარმოადგენდა და დღეს თავის ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს.
„სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები, ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია, ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც რეგიონში, ასევე ევრაზიის კონტინენტზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ბუნებრივი ხიდია ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით.
საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ამოცანაა, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარება ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა.
„ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი.
საქართველო გაეროს დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრია, რაც იმითაც დასტურდება, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.
სწორედ ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა, რითაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა და თქვა, რომ გასულ წლებში „საქართველომ გარე შოკების მიმართ შთამბეჭდავი მედეგობა გამოავლინა“.
ოკუპაციაზე საუბრისას, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს რუსეთი არ უხსენებია. მისი განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას“.
მიხეილ ყაველაშვილმა საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ „აფხაზ და ოს ძმებსა და დებსაც“ მიმართა:
„ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო, ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულით და გაშლილი ხელით შეგხვდებით.
ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ.
მე მწამს, ერთ დღესაც ჩვენ შვილებთან ერთად ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვეღარაფერი შეუშლის“.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონალური მნიშვნელობის საკითხებზე, უკლებლივ ყველა ქვეყანასთან. არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გავუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შევძლებთ გლობალური გამოწვევების დაძლევას და ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ღმერთი ფარავდეს კაცობრიობას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
