პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებთან მუშაობს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 5 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
„ჩვენ ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. დიახ, ეს არის ჩემი განზრახვა იმის სრული გათვალისწინებით, რომ ქართველების მესამედი არის ხალხი, ვისაც ძალიან სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, მაგრამ ჩვენ ვიცით რა არის პრობლემა.
ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ბოდიშს ვუხდი ქართველებს, რომლებმაც შეიძლება, შეურაცხყოფილად იგრძნონ თავი, მაგრამ ზოგადად,
მე ვარ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის მომხრე იმ ქვეყნებთან, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ იცავენ იმ სტანდარტებს, რომლებიც გამორიცხავს ავტორიტარულ მმართველობას, აღარც პატივს სცემენ დემოკრატიულ სტანდარტებს
და საიდანაც იმიგრაცია ჩვენს ქვეყანაში ან მთლიანად ევროპაში საზოგადოებრივ წესრიგს პირდაპირ ემუქრება“, - განაცხადა ტუსკმა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლონეთის მთავრობის მეთაურის განცხადებას უწოდა „მუქარა და შანტაჟი ქართველი ხალხის მიმართ“.
„პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ რეალურად მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც, ბუნებრივია, არ აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს არჩევანი, მას ყველამ პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შანტაჟი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა, რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია.
„ჩვენ ქართველებს მივეცით უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა თავისუფალი ვაჭრობის. სამი წლის წინ, როცა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის განაცხადი გააკეთა, 2022 წელს ჩვენ საქართველოს ოფიციალურად მივანიჭეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
თუმცა ბოლო პერიოდში, თითქმის ერთი წელია, სამწუხაროდ, ევროკავშირი-საქართველო ურთიერთობა არ მიდის კარგად. მე ქართველებს ღიად ვეუბნებოდი, რომ სიტუაცია უდაბლეს ნიშნულზეა და უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ანალიზი - ჩვენ, ევროკავშირმა რა უნდა ვუპასუხოთ საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, კანონებს, რაც აშორებს საქართველოს EU-სგან. და კითხვა, რა თქმა უნდა, ეხება იმას, არის თუ არა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა კვლავ დამსახურებული?
ამასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებს შორის მიდის დისკუსია და ერთ-ერთი იდეა არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ეს დამოკიდებულია წევრ სახელმწიფოებზე და იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ, საჭიროა ორი მესამედის მხარდაჭერა. ეს განხილვა უკვე არაერთი თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის და შემიძლია გითხრათ, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია.
ძალიან მარტივი მიზეზით: ჩვენ არ გვინდა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, ქმედებებისა და კანონმდებლობისთვის, რომლებიც მიღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა“, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 2017 წლის მარტიდან სარგებლობენ. უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს ევროკავშირის საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით [55%] წყვეტს - საკმარისია 15 ქვეყნის თანხმობა 27 წევრიდან. ხმები უნდა მოიცავდეს ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს.
ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეუჩერა. საბჭოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პასუხია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე, ასევე, „აგენტებისა“ და ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონების მიღებაზე, რაც ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ზრდის სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას.
