ზახაროვა: EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს არამეგობრული ქვეყნების სიაში შევიყვანთ

რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მორიგი პროპაგანდისტული გზავნილებითა და ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მარია ზახაროვას განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, მოსკოვი აამოქმედებს საპასუხო ზომებს, რაც პირდაპირ დარტყმას მიაყენებს ქართულ ღვინოს, მინერალურ წყლებს, ხილსა და სხვა საექსპორტო პროდუქციას. კრემლი ამგვარი შანტაჟით კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოს ევროპული გზის შეფერხებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

16 აპრილს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა, რა გავლენა ექნება საქართველოს ევროინტეგრაციას რუსეთთან მის ურთიერთობებზე. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის „მნიშვნელოვანი ნაწილის ბრიუსელისთვის გადაცემის პირობით“ და გულისხმობს ანტირუსულ სანქციებზე მიერთებას.

„რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის კონკრეტულად? მაგალითად, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას და მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას. ეს იმიტომ არა, რომ რუსეთი საჰაერო მიმოსვლაზე უარს ამბობს. არა, ეს ჩვენ გვაწყობს, ეს ჩვენს ინტერესებშია. ვფიქრობ, ეს უკვე დადასტურდა უზარმაზარი რაოდენობის ვიზიტებით, რომელსაც ტურისტები, ბიზნესმენები და უბრალოდ ერთობლივი ოჯახების წევრები ახორციელებენ. არა, ეს იმიტომ მოხდება, რომ ევროკავშირი მოითხოვს ამას“, - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვამ კვლავ გაუსვა ხაზი რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას:

  • საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია „მძიმე დარტყმას“ მიიღებს და საფრთხე შეექმნება საქართველოსა და რუსეთში მცხოვრებ ნათესავებს შორის კომუნიკაციას. ზახაროვას თქმით, საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა.
  • საქართველოს მოუწევს რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკულ ემბარგოსთან მიერთება: „დღეს რუსეთი ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი და სანდო მიმწოდებელია“.
  • საქართველო დაკარგავს შეღავათიან რეჟიმს რუსეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან: „ქართული ექსპორტის 70% არა ევროკავშირში, არამედ სწორედ დსთ-ის ქვეყნებში მიდის“.
  • საქართველოში პური გაძვირდება, რადგან რუსეთი „საქართველოს მარცვლეულის 80%-ს უზრუნველყოფს“: „თბილისს ჩვენი ხორბლის იმპორტზე ამკრძალავი გადასახადის დაწესება მოუწევდა, რაც პურის ფასის ზრდას გამოიწვევდა“.

„არავის სურს ასეთი სცენარი... თუმცა, უნდა გვესმოდეს, როდესაც რაიმე სახის კავშირებში ან ბლოკებში გვითრევენ, რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი“, - აღნიშნა მან.

რუსეთის ხელისუფლება გამოთქვამს მზაობას, განავითაროს თანამშრომლობა „პრაგმატიზმისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით“. ზახაროვას მტკიცებით, ორ ქვეყანას შორის კავშირების მომავალი „კოლოსალურია“. მან ასევე დასძინა: „ვიცით, რომ რესპუბლიკაში ევროსკეპტიკოსების რიცხვი იზრდება და არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ნეიტრალიტეტს ემხრობიან“.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას - 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა, საქართველოში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

მარია ზახაროვას განცხადებას „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. პაპუაშვილის პასუხი, კრემლის გზავნილების მსგავსად, კვლავ ეფუძნება „მშვიდობის“ პროპაგანდისტულ ნარატივს, რომლითაც „ქართული ოცნება“ წლებია ქართველ ხალხს აშინებს:

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებით და არ უყურებს იმას, ვინ რას ამბობს და ვინ როგორ აფასებს.

ჩვენი 35-წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში შეჩვეულები ვართ იმას, რომ ის, ვინც აყოლია სხვის შეფასებებს, საქართველოსთვის კარგი შედეგი არ მოუტანია. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლება არ უსმენს, არ არის აყოლილი სხვების განცხადებებს და ერთადერთი, ვინც უსმენს ეს არის ქართველი ხალხი და მისი ინტერესები,

გვაქვს 14 წლიანი მშვიდობის უწყვეტი პერიოდი და ეკონომიკური აღმავლობის განსაკუთრებული პერიოდი, როდესაც ჩვენ, რამდენიმე წლიან მონაკვეთში ჩვენი ეკონომიკის სწრაფი ზრდა შევძელით და ვართ ლიდერები მსოფლიოში.

რაც შეეხება ვაჭრობას, არ ვიცი, როგორც ვხვდები რუსეთი ძალიან კარგად ვაჭრობს ევროკავშირთან, რუსეთს ამის სურვილი აქვს. ნახსენები იყო ალკოჰოლური სასმელები, ღვინო და ა.შ. შეგახსენებთ, თუკი ვინმესთან არის რუსეთი არამეგობრულ ურთიერთობაში, ეს ბალტიის ქვეყნებია და შეგახსენებთ, რომ ლიეტუვა იყო ლიდერი, საქართველოს უსწრებდა ღვინის ექსპორტით და შესაბამისად, რუსეთში იმპორტით. ასე რომ არ ვიცი, განცხადების შინაარსი, რას გულისხმობს, თუმცა ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებით და ის, რაც იქნება კარგი ჩვენი ხალხისთვის, ზუსტად ისე იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.