რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, მორიგ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „კოლექტიური დასავლეთი“ საქართველოში უპრეცედენტო საგარეო ჩარევას ახორციელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა მოსკოვი კობახიძის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთო და ევროპული ინსტიტუტები ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობაში არიან ჩართულნი, ზახაროვამ თქვა:
„საქართველოს პრემიერის სიტყვები არ საჭიროებს ჩვენს დადასტურებას. საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელზე, რომელიც იცნობს და უყვარს თავისი ქვეყანა, წარმოადგენს მის ხალხს.
[...] თბილისის მისწრაფებას, მიჰყვეს დამოუკიდებელ და ეროვნულად ორიენტირებულ, ანუ საკუთარ ხალხზე ორიენტირებულ, ის კი ასევე მრავალეროვანია – პოლიტიკას, „კოლექტიური დასავლეთი“ აღიქვამს პირდაპირ როგორც გამოწვევას და თუ რუსულად ვიტყვით, როგორც ყელში გაჩხერილ ძვალს. ეს იმდენად აღიზიანებს მის წარმომადგენლებს, რომ ისინი მზად არიან გამოიყენონ ზემოქმედების ყველა ბერკეტი, ოღონდ კი შეცვალონ მათთვის მიუღებელი მოქმედი ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს“.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ ჰააგის დეკლარაციაზე, რომელიც საქართველოს და რუსეთის შესახებ რეზოლუციებსაც მოიცავს. ზახაროვამ დოკუმენტებს „მოგონილი მითოლოგემა“ უწოდა.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მსგავსი დესტრუქციული შემოქმედება ჩვენთვის მოულოდნელი არ არის. ასამბლეამ დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზა და უარი თქვა თავის მთავარ ამოცანაზე - ხელი შეუწყოს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგის შენებასა და თანამშრომლობას.
რაც შეეხება მთლიანად ეუთოს, დიახ, სამწუხაროდ, ორგანიზაციამ დაკარგა თავისი საქმიანობის არეალში კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების უნიკალური ინსტრუმენტარიუმი, რომელიც დღეს შესაძლოა, მეტად საჭირო ყოფილიყო, მაგრამ, ვაი რომ, ასეა. გარდა ამისა, რიგი სახელმწიფოები ეუთოს პლატფორმას იყენებენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების გააფთრებული კრიტიკისთვის. მათ შორის, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებით - ესაა ეუთოს მოძველებული, ფსევდო-უფლებადამცველი და არაკონსენსუსური ინსტრუმენტი, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისთვის იყო გამიზნული“, - განაცხადა ზახაროვამ და აღნიშნა, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს წინააღმდეგაც ამოქმედდა.
„ყველაფერი, რასაც ისინი ედავებიან, საქართველოს, ყველაფერი ყალბია. ეს ბოროტისგანაა, ეს სიცრუეა. რუსეთის წინააღმდეგ ასეთი მექანიზმი 2022 წლიდან რვაჯერ ამოქმედდა, ბელარუსის წინააღმდეგ სამჯერ (2011, 2020 და 2023 წლებში). ჩვენთვის „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშებში მოყვანილი დასკვნები იურიდიულად და პოლიტიკურად ბათილია“, - აღნიშნა ზახაროვამ.
8 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგაში გამართულ ყოველწლიურ სესიაზე მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“, რომელიც საქართველოს შესახებ უპრეცედენტოდ კრიტიკულ ჩანაწერებსა და სპეციალურ რეზოლუციას მოიცავს. ასამბლეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად და გააუქმოს ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა სფეროში.
რეზოლუციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება საერთაშორისო პარტნიორების მიმართ არის არჩევნების შედეგების არაღიარება, თუკი ისინი სანდო სადამკვირვებლო მისიების მიერ თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ პროცესად არ შეფასდება.
ირაკლი კობახიძემ ჰააგის დეკლარაცია დაგმო და დოკუმენტის მიღება „დიფ სთეითს“ დაუკავშირა. მისი თქმით, „არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიფ სთეითის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა“.
