რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება უნდა იყოს „უკრაინის კრიზისის“ მშვიდობიანი გზით მოგვარების შედეგი და არა პირობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„აუცილებელია გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა არ არის პირობა, არამედ უკრაინაში კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაზე დაფუძნებული მშვიდობიანი დარეგულირების შედეგი, რაც, თავის მხრივ, შექმნის უსაფრთხოების გარანტიას ჩვენი ქვეყნისთვისაც“, - განაცხადა ზახაროვამ დღეს, 29 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.
მან განმარტა, თუ რას უნდა მოიცავდეს მოლაპარაკებების შედეგები - „დემილიტარიზაციას, დენაციფიკაციას, უკრაინისთვის ნეიტრალურ, არაალიანსურ და არაბირთვულ სტატუსს, ტერიტორიული რეალობის აღიარებას, რუსი და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების უზრუნველყოფას და კანონიკური მართლმადიდებლობის დევნის შეწყვეტას“.
„ამგვარად, უსაფრთხოების გარანტიების საფუძველი უნდა იყოს საერთო გაგების მიღწევა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს“, - ხაზი გაუსვა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სცენარები და ვარიანტები, რომლებიც დასავლეთში განიხილება, „ცალმხრივია, აგებულია რუსეთის შეკავების აშკარა გათვლაზე“ და მსგავსი იდეების ავტორები უკრაინის ნატოში „ჩათრევის“ გზით მიდიან.
„ასეთი ხაზი არღვევს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს და აძლიერებს კიევის, როგორც რუსეთის საზღვრებზე სტრატეგიული პროვოკატორის როლს და ზრდის ჩვენს ქვეყანასთან შეიარაღებულ კონფლიქტში ალიანსის ჩათრევის რისკს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა 15 აგვისტოს, ალასკაში განიხილეს. ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა 18 აგვისტოსაც, ვაშინგტონში, თეთრ სახლში უკრაინის და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით გამართული სამიტის დროს.
მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაიწყო რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის მომზადება.
დღეს, 29 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი არ გამორიცხავს ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობას. პესკოვის თქმით, რუსეთმა კიევს ომის მოგვარებასთან დაკავშირებით თავისი ყველა პოზიცია წერილობით გადასცა.
