რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, შეფასება მისცენ იმ პირთა ქმედებებს, რომლებმაც 6 ივნისს თბილისში რუსული ენის დღის აღნიშვნა გააპროტესტეს. ზახაროვამ მოძრაობა „ქართული რესპუბლიკის“ წევრებს „ექსტრემისტები“ და „ხულიგნები“ უწოდა და აღნიშნა, რომ აქციაზე მათგან ანტირუსული ლოზუნგები და შეურაცხმყოფელი ფრაზები ისმოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
როგორც ზახაროვამ 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსული ენის დღე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ხალხთაშორისი მეგობრობის განუყოფელი ნაწილია.
„ესენი იყვნენ ერთი მუჭა ექსტრემისტები. დეტალურად მათ მანკიერ ქმედებებზე არ შევჩერდები, ალბათ, იმის გამო, რომ ამ ყველაფერს რეკლამა არ გავუკეთო. რუსული ენის დღე იქცა საქართველოს, ქართველი ხალხის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად, ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების ერთ-ერთ სიმბოლოდ.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები გამოიტანენ დასკვნებს და შესაბამის შეფასებას მისცემენ რადიკალების, ექსტრემისტებისა თუ ხულიგნების ქმედებებს. ეს უკვე ქართველი სამართალდამცველების კვალიფიკაციის საქმეა“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ პუშკინის სკვერში რუსული ენის დღის აღნიშვნა დამკვიდრებული ტრადიციაა და აღნიშნა, რომ მონაწილეებმა პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას: „ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები შეიკრიბნენ ალექსანდრე პუშკინის ბიუსტთან, თავისუფლების მოედანზე და ყვავილებით შეამკეს ძეგლი. შემდეგ სხვადასხვა თაობისა და ეროვნების ადამიანებმა, სულისა და გულის კარნახით, წაიკითხეს დიდი კლასიკოსის ლექსები რუსულად და სხვა ენებზეც“.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ ანალოგიური ღონისძიება ბათუმშიც გაიმართა, თუმცა იქ ექსცესების გარეშე ჩაიარა. მან ასევე ისაუბრა ქართველი მოღვაწეების როლზე რუსული ლიტერატურის პოპულარიზაციაში და დასძინა: „გარდა იმისა, რომ საქართველოს სამართალდამცველებმა უნდა იპოვონ და დასაჯონ ეს ხულიგნები თუ რადიკალები, იქნებ მათ წიგნიც მისცენ, რათა დაფიქრდნენ იმაზე, თუ ვინ არის ირაკლი ანდრონიკოვი (წარმოშობით ქართველი რუსულენოვანი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე - რედ.). იქნებ ამ კუთხით მივუდგეთ და გადავარჩინოთ ის ადამიანები, რომლებიც ნაციონალიზმის სენით შეპყრობილნი აბუჩად იგდებენ რუს პოეტებს. შესაძლოა, ამან მათ მისცეს საშუალება, გააცნობიერონ თავიანთი ქმედებების უაზრობა და ის ფაქტი, რომ პირველ რიგში ზიანს აყენებენ არა ჩვენ, არა პუშკინს, არამედ საკუთარ თავს“.
6 ივნისს, თბილისში, პუშკინის სკვერში რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებმა რუსული ენის დაცვისა და ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა, კერძოდ, მოძრაობა „ქართული რესპუბლიკის“ წევრებმა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული ენის დევნა მიმდინარეობს, საჯარო სივრცეში რუსული ენის დღის აღნიშვნა შეურაცხმყოფელია.
„ჩემი ოჯახი, რომელიც საკუთარი მიწიდან გამოაგდეს, და კიდევ ათასობით ქართველი, რომლებიც დღეს გალსა და ოჩამჩირეში იმყოფებიან, ყოველდღიურად იჩაგრებიან ქართული ენის გამოყენების გამო. ამ ფონზე, რუსული ენის დღის აღნიშვნა ქართველისთვის შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა „ქართული რესპუბლიკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა.
პროტესტის შემდეგ რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებმა პუშკინის სკვერი დატოვეს. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროპაგანდისტული ღონისძიებების თავისუფლად ჩატარება საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
