ზატულინის თქმით, ამ მთავრობით საქართველოს მოუწევს, EU-სა და ნატოში გაწევრიანება დაივიწყოს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ზატულინმა გაიმეორა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივი, რომლის მიხედვითაც, დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა“ სურს.

„საქართველოში გონივრულად მიაჩნიათ, რომ რუსეთთან ომში შესასვლელად, ან როგორც მათ დაჰპირდნენ - საქართველოს რომელიღაც პოლიტიკური ფიგურა ცოტა ხნის წინ ჰყვებოდა - რომ მათ აუხსნეს, რა უნდა გააკეთონ სინამდვილეში, მათ რუსეთთან ომი უნდა დაიწყონ... რა თქმა უნდა, საქართველო ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ პარტიზანობას დაიწყებს და პრობლემებს შექმნის.

ამისთვის დასავლეთი მას შეაქებს, შეინარჩუნებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ყველგან, ყველა პლატფორმაზე ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ ემუქრება დემოკრატიას საფრთხე და დაიწყებს გზების ძიებას, რათა როგორმე უფრო ეფექტურად დაეხმაროს საქართველოს - არ ვიცი, საქართველოს ნატოში გაწევრიანებით, საქართველო კიდევ სადღაც გაწევრიანებით.

ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, სხვათა შორის, დღემდე რჩება ქართული სახელმწიფოს ოფიციალურ მიზნად, მაგრამ ახლა არანაირ ევროკავშირსა და ნატოზე [საუბარი აღარ არის]... უახლოეს მომავალში, ყოველ შემთხვევაში ამ მთავრობით, საქართველოს მოუწევს, რომ დაივიწყოს.

ეს მეტასტაზები კი ღრმად არის წასული და ქართული საზოგადოება სავსეა სოროსის შვილებით, სოროსის შვილიშვილებით. რატომ ატყდა აჟიოტაჟი გასულ წელს? იმიტომ, რომ მიიღეს კანონი, რომელიც უცხოელი აგენტების შესახებ ამერიკული კანონიდან იყო კოპირებული. უბრალოდ, გადმოწერილი იყო ამერიკული კანონიდან, რომელიც რამდენიმე ათწლეულია ძალაშია. მაგრამ რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, არაა ნებადართული მისი ხარისთვის. ამიტომ, ეს მთავრობა მაშინვე დაადანაშაულეს იმაში, რომ დასავლეთის მტერია.

გაჩნდა ქალაქური შრე, რომელიც, ფაქტობრივად არის გარემო ყველანაირი რევოლუციის, „მაიდნების“ და ყველაფერი დანარჩენის ქართული ვარიანტის შესაქმნელად. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამის მიმართ სრულიად გულგრილია. სინამდვილეში, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მმართველი პარტია აგრძელებს მმართველობას“, - განაცხადა ზატულინმა.

რუსი დეპუტატის თქმით, საქართველოში „გარკვეული დასკვნა“ გამოიტანეს „სააკაშვილიზმიდან“.

„მიხვდნენ, რომ ეს [ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება] კარგს არაფერს მოიტანს, რომ სულერთია, არსად, რუსეთის გარდა, ქართულ პროდუქციას, თავად ქართველებს ისე არ მიიღებენ. ფაქტობრივად, ეს არის ნოყიერი გარემო მოქმედი სახელისუფლებო პარტიისთვის“ - აღნიშნა კონსტანტინ ზატულინმა.

ზატულინის თქმით, საქართველო მოცემულ შემთხვევაში, „მოწყვლად მდგომარეობაში“ იმყოფება.

„ერთი მხრივ, მას არ შეუძლია რუსეთთან დაახლოება, ძველ დროში დაბრუნება, რადგან ჩვენს შორის არის ისტორია, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. საქართველოს არცერთი მთავრობა არ არის მზად, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ პრეტენზიებზე.

[...] საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ცდილობს იპოვოს რაიმე გზა, რათა ასე თუ ისე დაარწმუნოს აფხაზეთი და ოსეთი დაბრუნებაში, მაგრამ აფხაზეთსა და ოსეთს საკუთარი ინტერესები აქვთ. მათ არ სურთ დაბრუნება, საკუთარი დამოუკიდებლობის დათმობა. ისინი თვლიან, რომ ისტორიაში პირველად აქვთ ასეთი შანსი, ყველანაირად იბრძვიან მისთვის და ებღაუჭებიან, განსაკუთრებით აფხაზეთში. სამხრეთ ოსეთში სურთ არა საქართველოში, არამედ რუსეთში, რათა ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდნენ, რათა საბოლოოდ შეიქმნას საერთო ოსეთი, თუნდაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაგრამ ერთიანი, არა საზღვრით გაყოფილი. რა თქმა უნდა, ეს არის შესაძლებლობების ზღვარი, როდესაც საქმე საქართველოსთან დაახლოებას ეხება“, - განაცხადა კონსტანტინ ზატულინმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.