ზაზა თავაძე: „ოცნების“ რეჟიმის მიზანი არასდროს ყოფილა გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება

„ოცნების“ რეჟიმის მიზანი არასდროს ყოფილა არჩევნების კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარება, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და ეს იქნება, სამწუხაროდ, პირველი არჩვენები მუნიციპალურ დონეზე, რომელიც ეუთო/ოდირის და სხვა ანგარიშგასაწევი სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩატარდება“, - განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

თავაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის ყოფნა და მძიმე წინასაარჩევნო გარემოს ადგილზე ნახვა მნიშვნელოვანი იყო არჩევნების სათანადოდ შეფასებისთვის იმის მიუხედავად, რომ „ქართულმა ოცნებამ“, „პრაქტიკულად, მოსპო საარჩევნო დარღვევების გამოვლენის შესაძლებლობა“.

„ე.წ. ხელისუფლებამ, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ უკიდურესად გააუარესა საარჩევნო გარემო და უკვე თვეებია აწარმოებს ამომრჩეველზე სისტემურ ზეწოლას, განზრახ დააგვიანა ეუთო/ოდირის მოწვევა, რათა მისიას, ჩამოსვლის შემთხვევაშიც, სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონოდა.

ეუთო/ოდირის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება და სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არჩევნებამდე პერიოდზე დაკვირვება აუცილებელია. ეს კი „ოცნების“ რეჟიმის ინტერესში არ შედიოდა. „ოცნება“ არჩევნებს არჩევნების დღემდეც აყალბებს. ჩვენი პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ დავუთმობთ „ოცნებას“ ძალაუფლებას, არ დავტოვებთ ამომრჩევლებს“, - თქვა ზაზა თავაძემ.

„გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“, სხვა პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობენ. როგორც თავაძემ თქვა, „ქართული ოცნება“ სწორედ გახარიას პარტიის მონაწილეობამ აიძულა ეუთო/ოდირი მოეწვია.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი) თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად მისიას არ გამოგზავნის. მათი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებისგან მოწვევა მიიღეს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი, რაც არ არის საკმარისი დრო სანდო და მნიშვნელობის მქონე დაკვირვებისთვის. როგორც ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო დაკვირვება გულმოდგინე მომზადებასა და საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე წვდომის შესაძლებლბას მოითხოვს, ოდირის მეთოდოლოგიის შესაბამისად.

ეუთო/ოდირი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა 2021, 2017, 2010 და 2006 წლებში. გამონაკლისი მხოლოდ 2014 წელს იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სადამკვირვებლო მისია დროულად მოიწვია, თუმცა მისი გამოგზავნა ფინანსური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.