ზელენსკი სიცრუეს უწოდებს პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ რუსეთის ბრალდებებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინა ნოვგოროდის ოლქში, ვალდაის ტბასთან მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცედელობაში დაადანაშაულა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ინფორმაცია უარყო და გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი კიევზე დარტყმებს გეგმავს, თავის გასამართლებლად კი მიზეზს ეძებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სერგეი ლავროვს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მის განცხადებას დაადასტურებდა. მან არ დააკონკრეტა, იმყოფებოდა თუ არა ვლადიმირ პუტინი რეზიდენციაში თავდასხმის მცდელობის დროს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ 28-29 დეკემბრის ღამეს თავდასხმაში 91 უკრაინული დრონი მონაწილეობდა და ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემებით გაანადგურეს. სამინისტრომ მოგვიანებით დააზუსტა, რომ 50 დრონი, რომელიც, თითქოსდა, ვალდაისკენ მიდიოდა, მეზობელ რეგიონებში ბრიანსკსა და სმოლენსკში იყო განლაგებული.

„გვსურს აღვნიშნოთ, რომ ეს ქმედება განხორციელდა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ინტენსიური მოლაპარაკებების დროს. ასეთი დაუფიქრებელი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. რუსეთის შეიარაღებული ძალების საპასუხო დარტყმების სამიზნეები და მათი განხორციელების ვადები განსაზღვრულია“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს აშშ-სთან მოლაპარაკებების პროცესიდან გავიდეს.

„კიევის დანაშაულებრივი რეჟიმის საბოლოო გადაგვარების გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე გადავიდა, მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიციები გადაიხედება“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმასთან კიევის კავშირი უარყო და რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას „მორიგი სიცრუე“ უწოდა.  უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბრალდებები უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი დარტყმების გასამართლებლად შეიძლება იყოს გამოყენებული.

„რუსეთის მხრიდან ძალიან სახიფათო განცხადებები გაჟღერდა, რომელთა მიზანი აშკარად არის პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან ჩვენი ერთობლივი მუშაობის ყველა მიღწევისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა მშვიდობას მივუახლოვდეთ. რუსებმა მოიგონეს მორიგი ყალბი ამბავი რუსი დიქტატორის რომელიღაც რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ, რათა ჰქონდეთ გამართლება უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელებისთვის, კერძოდ, კიევზე თავდასხმებისთვის, და ასევე ომის დასასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაზე უარის თქმისთვის. ეს რუსების ტიპური ცრუ ტაქტიკაა. მათ უკვე შეუტიეს კიევს, კერძოდ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხის შესახებ 29 დეკემბერს, დილით, პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეიტყო.

ტრამპის თქმით, როდესაც პუტინმა შესაძლო თავდასხმის შესახებ უთხრა, ძალიან გაბრაზდა. ჟურნალისტი კითხვის შემდეგ ტრამპმა განაცხადა: „თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა თავდასხმა არ მომხდარა. ალბათ, ესეც შესაძლებელია. თუმცა, პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით მითხრა, რომ ეს მოხდა.“ კითხვას, აქვთ თუ არა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს ასეთი თავდასხმის მტკიცებულებები, ტრამპმა უპასუხა: „ამას გავარკვევთ“.

28 დეკემბერს აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ზელენსკისა და ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასასრული ახლოსაა, თუმცა აღიარა, რომ დონბასის ომის შემდგომი სტატუსის საკითხი კვლავ გადაუჭრელი დარჩა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები - „100%-ით“ მოგვარებულია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად განიხილება 15-წლიანი გარანტია, გახანგრძლივების შესაძლებლობით, თუმცა, მან აღნიშნა, რომ გრძელვადიანი, 30-50 წლიანი, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ომის ნამდვილად დასრულება შეუძლებელია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.