ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
„დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თეთრ სახლში. ბევრი რამ შევიტყვეთ, რასაც ვერასოდეს გაიგებ საუბრის გარეშე ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ.
გასაოცარია ის, რაც გამოდის ემოციებიდან. და მე გავიგე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ჩაერთვება, რადგან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში.
მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა.
მან უპატივცემულობა გამოიჩინა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის ძვირფას ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, - დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უძღოდა ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს, პრესის თანდასწრებით შეკამათება.
ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ომი დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია 2014 წელს მოახდინა და წლების განმავლობაში, 2022 წლამდე, მასთან ბევრი, მრავალმხრივი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ხელმოწერილი იყო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებაც, თუმცა, ის ვლადიმერ პუტინმა დაარღვია.
„რა დიპლომატიაზე საუბრობთ? რას გულისხმობთ?“ - ჰკითხა ზელენსკიმ ვენსს.
ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკი უპატივცემულობაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ მადლობა უნდა გადაეხდა პრეზიდენტ ტრამპისთვის კონფლიქტის დასრულების მცდელობისთვის.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ ჯერ კიდევ ვერ გრძნობს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებს გეოგრაფიის გამო, მაგრამ იგრძნობს მას მომავალში.
„ნუ გვეუბნებით, რას ვიგრძნობთ ჩვენ, რადგან თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ გვკარნახოთ რას ვიგრძნობთ. ჩვენ თავს ძალიან კარგად და ძლიერად ვიგრძნობთ. თქვენ ახლა ხართ არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში....
თქვენ ეთამაშებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, თქვენ ეთამაშებით მესამე მსოფლიო ომს“, - უპასუხა ტრამპმა.
კამათის დროს ზელენსკის არაერთხელ ჰკითხეს, უთქვია თუ არა მადლობა იმ მილიარდობით იარაღისთვის, რომელიც აშშ-მ უკრაინას 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ გაუგზავნა.
„ჩვენი სამხედრო ტექნიკა რომ არ გქონდეთ, ეს ომი ორ კვირაში დამთავრდებოდა“, - თქვა ტრამპმა, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „სამ დღეში, ეს პუტინისგან მსმენია“.
შეხვედრის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს „მკვლელი და ტერორისტი“ უწოდა. როგორც მან თქვა, უკრაინას არ სჭირდება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ სჭირდება უსაფრთხოების გარანტიებიც.
შეკამათების შემდეგ, ტრამპი და ზელენსკი ოვალური კაბინეტიდან სხვადასხვა ოთახებში გავიდნენ. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ უკრაინელებს თეთრი სახლი დაეტოვებინათ.
პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა იგეგმებოდა, თუმცა, დოკუმენტი ხელმოუწერელი დარჩა.
