ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ ქართული მედიების გამო განგაშის სიგნალი ჩართო

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი

ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ დამოუკიდებელ ქართულ მედიაორგანიზაციებთან დაკავშირებით განგაშის სიგნალი ჩართო – საფუძველი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წამოწყებული „შემოწმებების ტალღაა“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ აღნიშნავს, რომ უწყებამ ამჯერად სამიზნეში ამოიღო რამდენიმე ონლაინ მედია, მათ შორის, „პროექტი 64“ „მთის ამბები“ და „აი ფაქტი“.

„2025 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების შემოწმება 2025 წლის აპრილში გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. ცვლილებები უცხოური დაფინანსების მისაღებად მთავრობის წინასწარ თანხმობას მოითხოვს და კრიტიკა დაიმსახურა სახელმწიფოს თვითნებური ჩარევის ხელშეწყობის გამო.

8 სექტემბერს, 30-მდე ორგანიზაციამ, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერმა ჯგუფებმა, განაცხადეს, რომ ანტიკორუფციული ბიუროდან ინსპექტირების შესახებ შეტყობინებები მიიღეს, რომლითაც მოთხოვნილი იყო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ მათი საქმიანობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია.

სამიზნე ჯგუფებს შორისაა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), „მედია ცენტრი კახეთი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „უფლებები საქართველო“, „სამოქალაქო იდეა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტირების მოთხოვნებს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, 17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბიუროს შუამდგომლობები 9 ორგანიზაციის წინააღმდეგ, რითაც მათ მოთხოვნის შესრულება უბრძანა“, - ვკითხულობთ „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმის“ განცხადებაში.

ოქტომბრის დასაწყისში ანტიკორუფციული ბიუროს სამიზნე რამდენიმე მედიაორგანიზაციაც გახდა. უწყება მათგან ხელშეკრულებებს, ბიუჯეტებს, გადახდის გრაფიკებს, სამუშაო გეგმებსა და განხორციელების ანგარიშებს ითხოვს, მოთხოვნის შესასრულებლად კი სამდღიან ვადას აძლევს. „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ აღნიშნავს, რომ მედიებისთვის გაგზავნილ წერილში მოთხოვნის „მკაფიო სამართლებრივი საფუძველი“ მითითებული არ არის.

ევროსაბჭოს პლატფორმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თვითნებური შემოწმებები, გააუქმოს გრანტების შესახებ კანონში 2025 წლის აპრილში შეტანილი ცვლილებები და დაასრულოს ჟურნალისტიკის წინააღმდეგ კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება.

„გრანტებისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელი კანონები უნდა იყოს გამჭვირვალე და შესაბამისობაში გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებთან“, - ნათქვამია „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმის“ განცხადებაში.

ანტიკორუფციულ ბიუროს შემოწმება დაწყებული აქვს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიმართაც. როგორც ქარტიაში აცხადებენ, ეს „პირველი პრაქტიკული ნაბიჯია ახალი კანონმდებლობის გამოყენებით ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტის დიდი ძალისხმევით შექმნილი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის გასანადგურებლად“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.