„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © გელა მთივლიშვილი / Facebook

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებას ეხმაურება. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს წაუყენეს თუ არა მას ბრალი შურისძიების მიზნით, ჟურნალისტური საქმიანობის გამო. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ხანგრძლივი პატიმრობა, რომელიც მზია ამაღლობელს ემუქრება, არაპროპორციულად გამოიყურება და აჩენს ლეგიტიმურ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ხდება მის მიმართ დევნის გამოიყენება მისი ხელმძღვანელობით მოქმედი მედია საშუალებების გასაჩუმებლად“, - განაცხადა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა საიდმა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და უზრუნველყოფს მიუკერძოებელი გამოძიება მისი დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ითხოვს „ბათუმელების“ ოპერატორის, გურამ მურვანიძის გათავისუფლებასაც, რომელსაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე პლაკატის გაკვრის გამო მოხდა. დაახლოებით ორ საათში ის და კიდევ სამი ქალი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე ხელმეორედ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საბაბით. სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ.

„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად ბათუმის პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა: „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

როგორც მზია ამაღლობელი ამბობს, ირაკლი დგებუაძე პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა და სახეში შეაფურთხა. ჟურნალისტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აცნობა ისიც, რომ დგებუაძის ბრძანებით, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა - 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.