ზურაბ ჯაფარიძეს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და გაათავისუფლეს

ზურაბ ჯაფარიძე გათავისუფლების შემდეგ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც დღეს დილით პოლიციამ თბილისში დააკავა, თავისუფალია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გზა გვქონდა გადაკეტილი და დაგვაკავეს რამდენიმე ადამიანი, გადაგვიყვანეს ორთაჭალაში. იქ არის, მე მგონი, კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტი და იქ გავატარე დაახლოებით 4 საათი. საბოლოო ჯამში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამიფორმეს, გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეტვას, თუ რაღაც ასეთს, მედავებიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ გათავისუფლების შემდეგ და აღნიშნა, რომ დაკავების დროს მასზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შემდეგ, საპოლიციო ძალებმა გააგრძელეს იმ მოქალაქეების დევნა და დაკავება, რომლებიც მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირისკენ წავიდნენ. ზურაბ ჯაფარიძეც ამ მსვლელობაში მონაწილეობდა. როგორც ის ამბობს, დაკავებისას თამარაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა.

თბილისში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის შეჩერებაში ადანაშაულებენ და საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

შინაგანს საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების დასაშლელად არაერთხელ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეციალური საშუალებები. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

ოთხი დღის განმავლობაში ჯამში 227 ადამიანია დაკავებული. მათგან სამს პოლიციელებზე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ედება. 224 პირი ადმინისტრაციული წესით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის/დაუმორჩილებლობის საფუძვლით - არის დაკავებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.