ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ზვიადაური დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ზურაბ ზვიადაური 2021 წელსაც იყო დაკავებული - მაშინ, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით. სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ ის 50 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ზვიადაურმა მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. მსაჯულების შერჩევის პროცესი დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონში, სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად 3 ადამიანი მოკლეს - ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური, ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი. დაიჭრნენ ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი.
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 საათზე, ზვიად მაისურაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ვახტანგ კვანტალიანთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რაშიც ჩაერთნენ ზვიად მაისურაძის ახლობლები - იქ მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილი, ლევან მაისურაძე და სხვები. ჩხუბით განაწყენებულმა ჯაბა ჯანგირაშვილმა მომხდარის შესახებ აცნობა მეგობარ ზვიად ზვიადაურს და სთხოვა დახმარება. ვახტანგ კვანტალიანი 17:00 საათისთვის დაიბარეს ჩხუბის მიზეზის გასარკვევად. დათქმულ დროს მითითებულ ადგილზე მივიდნენ ზვიად ზვიადაური, ვასილ ცოცხალაშვილი, ანზორ შამრელაშვილი და სხვები, მოგვიანებით ზვიად ზვიადაურის ძმა ზურაბ ზვიადაურიც.
ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.
პროკურატურამ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი აცხადებდა, რომ ზურაბ ზვიადაურმა ნიკა კენჭოშვილს შურისძიების მოტივით ესროლა. ზვიადაური ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რაც კანონმდებლობით დასჯადი არ არის.
