ზურაბიშვილი ამაღლობელის განაჩენზე: რეჟიმი რჩება ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც ჰგონია რომ გამოძვრება

ფოტო © მარიამ ნიკურაძე / Facebook

„ეს ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს არ აქვს არანაირი გამბედაობა: არც იმის, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს და არც იმის, რომ ნამდვილად დაიხიოს უკან. რჩება სადღაც ამ ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც ჰგონია, რომ გამოძვრება. ვერ გამოძვრება“, - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რითაც მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ, ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ეს ბრძოლა აქ არ დამთავრდა“.

„ჩვენ ვნახეთ მზიას ტოტალური შემართება, რომელიც ძალიან დიდი იმედის მომცემია და რომელიც ყველასთვის, ჩვენთვის ძალიან დიდი მაგალითია. ამას ეს ხელისუფლება ვერანაირად ვერ დაამარცხებს.

არ არის ის განაჩენი, რომელსაც ჩვენ ყველანი ველოდებოდით, რომ გათავისუფლდებოდა მზია, მაგრამ ამიტომ არ შეიძლება ასეთ რეჟიმებთან რაიმე მოლოდინი გქონდეს. უნდა ვიყოთ ძალიან მშრალი ამ შეფასებაში და უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ.

მაგრამ ასევე უნდა დავინახოთ, სად არის სისუსტის ნიშნები, რომლებიც აშკარად გამოჩნდა მთელი ამ პროცესის მსვლელობის დროს და სად არის სიძლიერის უდიდესი ნიშანი - ამას ჰქვია დღეს მზია ამაღლობელი. მადლობა მას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა.

მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა - გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე. ამის მიუხედავად, ნინო სახელაშვილმა ჯარიმა არ გამოიყენა.

მზია ამაღლობელი თითქმის შვიდი თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სასამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“.

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

ამაღლობელმა უარი თქვა პოკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე „იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.