საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქვეყანაში უკვე სრული განუკითხაობა სუფევს ყველა მხრივ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
- 6 მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი
„ხომ ვხედავთ, რა ხდება სასამართლოში და რანაირი სასამართლოა დღეს საქართველოში, რომელიც აღარ ექვემდებარება არცერთ სტანდარტს გარდა იმისა, რომ ბოლომდე ასრულებს ძალაუფლების ყველა მითითებას. დღეს, ამას ემატება ის, რაც გავიგეთ, თუ რა პირობებია ციხეში შექმნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ რეჟიმის მსხვერპლები არიან. გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს არის საგანგაშო. მიუღებელია, რომ ციხეში დაცული არ იყოს ის ელემენტარული ფორმები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება, როგორც ოდნავ მაინც დემოკრატიის სტანდარტები. ჩვენ აქ უკვე აღარ ვართ.
ზღვარგადასულია, ის რაც ხდება, თუ როგორ უსწორდებიან თვით საკანში ადამიანს, რომელიც იქ იხდის სასჯელს და მერე, როგორ გადაჰყავთ კლინიკაში, როცა უნდათ, როგორც უნდათ, გაუფრთხილებლად, ისე, რომ არანაირი ახსნა-განმარტება ან საჯაროობა ამის მიმართ არ არსებობს. ეს არის დარღვევა ყველა ადამიანის უფლებების. არ ვიცი, სად არის სახალხო დამცველი, რამდენად მოახდინა რეაგირება ამ ყველაფერზე. ეს ინსტიტუციაც აღარ ასრულებს ბოლომდე თავის მოვალეობას. დაუცველობა არის ის, რაც დღეს ამ ქვეყანაში სუფევს.
ყველას მინდა გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ბოლომდე იქნება მათზე, ვინც არა მხოლოდ ბრძანებებს იძლევა, არამედ ასევე, მათი, ვინც განუკითხავად ასრულებს მათ და მზად არის უსასტიკეს ქცევაში მიიღოს მონაწილეობა.
ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ქართული ტრადიციები, ეს არ არის ის სამართალი, რომელსაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვაშენებდით და რომელსაც მივყვებოდით. ეს არის სხვა რეჟიმი, სხვა ქვეყანა, ამას არ შევეგუებით არცერთ წუთს. დროა, საზოგადოებამ დაინახოს ის, რაც ხდება. დროა, რომ სხვაგან არ იყურებოდეს, რადგან ეს ის არის, რაც ყველას ეხება დღეს და ხვალ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 11 წლით მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების საკანში 11 ივლისს, პარასკევს, სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ 14 ივლისს გაავრცელა, რასაც მალევე მოჰყვა თავად პატიმრის ვრცელი წერილი, სადაც ის მომხდარის დეტალებს აღწერს.
ბაჩიაშვილის თქმით, საღამოს 7 საათზე, საკნში, სადაც ის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მარტო იმყოფებოდა, შევიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც პატიმარი ამბობს, ამ შემთხვევამდე სამი დღით ადრე, 8 ივლისს, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია“, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი „საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები“ გაეხსნა.
„ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას“, - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.
სპეციალური პენიტენციური სამსახურმა მომხდარს „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი გამოძიებას აწარმოებს.
გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა. პროკურატურის ინფორმაციით, მან ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
