ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინთან აფხაზეთის პრობლემებს განვიხილავდით. დიდხანს, დაღამებამდე განვიხილავდით ამ პრობლემებს და ერთ დასკვნამდე მივედით, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, მას უნდა დავეხმაროთ, რომ ეს აყვავებული მხარე, ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც დღეს, 28 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასა და ლუკაშენკოს შორის შეხვედრა გაიმართა ქალაქ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე, რომლის გადაცემასაც რუსეთი ითხოვს.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ასლან ბჟანია ლუკაშენკოს მიესალმა და აღნიშნა, რომ 1996 წელს, დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაზე სწორედ ლუკაშენკომ გამოთქვა წინააღმდეგობა ომის შემდგომი აფხაზეთის ეკონომიკურ ბლოკადასთან დაკავშირებით.

„თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა არასწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ აფხაზეთმა იცის და აფასებს. ჩვენ კარგი ადამიანური ურთიერთობები გვაკავშირებს. მოხარული ვართ თქვენი სტუმრობით“, - მიმართა ბჟანიამ ლუკაშენკოს.

თავის მხრივ, ლუკაშენკომ ბჟანიას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საჭიროა დახმარება, რათა აფხაზეთში ხალხი ნორმალურად ცხოვრობდეს.

„ნოსტალგია არასდროს გვტოვებს. ალბათ, 25-27 წლის წინ ვიყავი ამ წმინდა მიწაზე როგორც რიგითი ადამიანი, პარლამენტის დეპუტატი... გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია პოლიტიკაში ვარ. დავილაპარაკებთ, დავფიქრდებით, როგორც ვიცხოვროთ მომავალში. მთავარია, ხალხი აქ ღირსეულად ცხოვრობდეს იმიტომ, რომ ეს დედამიწის სამოთხეა, აქაური ხალხი კი წმინდანია. ეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მახსოვს, როდესაც აქ ვიყავი.

ამიტომაც ჩვენ გვსურს არამხოლოდ მეგობრობის ხიდი გავდოთ, არამედ დავალაგოთ ძალიან სერიოზული ურთიერთობები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

2022 წლის თებერვლის დასაწყისში ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ივლისში, ლუკაშენკომ თქვა, რომ „დღეს, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული სამოკავშირეო სახელმწიფოსთან დაახლოებით, თუ სურთ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“.

რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო 2000 წლიდან არსებობს. იგი ითვალისწინებს ეტაპობრივად ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საბაჟო, სავალუტო, იურიდიული, ჰუმანიტარული, საბაზრო და კულტურული სივრცის ჩამოყალიბებას. რუსეთი და ბელარუსი საერთო პარლამენტის, კონსტიტუციის, სასამართლოს და ერთიანი ვალუტის შექმნაზე მსჯელობდნენ, თუმცა ასეთი შეთანხმება ჯერ მიღებული არ არის.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და სირიას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.