14 ქვეყნის საელჩო: მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო საქმე გადაიხედოს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი 14 ქვეყანის საელჩო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლოებელის მდგომარეობის გამო. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი უკვე მე-19 დღეა შიმშილობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას.

მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოწოდებას ხელს აწერენ ავსტრიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის საელჩოები.

მედიის თავისუფლების კოალიციის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ აქციების მონაწილეების მიმართ სისტემური ძალადობის შემდეგ, არცერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება და არცერთი არაა მიცემულია პასუხისგებაში.

დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და 12 იანვრიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ინფორმაციით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა. უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესაბამისი უწყებები მათ არ აწვდიან ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ.

დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.

„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის სამმართველოს ეზოში შეყვანის შემდეგ მზია ამაღლობელს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო (რაც უფრო მსუბუქი მუხლია) და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით. ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, დგებუაძე კი თანამდებობაზე რჩება.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.