თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ლუკა ხურცილავას, რომელსაც არასრულწლოვნის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დღეს, 15 თებერვალს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„ბრალდების მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, დასაბუთება და ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლო პროცესზეც მსგავსი პოზიცია დააფიქსირა“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ტელეკომპანია „პირველთან“
რაც შეეხება სხვა პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხს, პროკურორმა განმარტა, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება. „როდესაც ჩვენ მტკიცებულებებს საბოლოოდ მოვიპოვებთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - აღნიშნა მან.
მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება „სრულიად უსაფუძვლოა“, რადგან ბრალდებული დანაშაულს გულწრფელად აღიარებს და ინანიებს.
„გავივლი კონსულტაციებს ოჯახთან და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, გასაჩივრდება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება“, - თქვა ადვოკატმა.
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი 13 თებერვალს დააკავა.
გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა 16 წლის ბიჭი 10 თებერვალს, ღამით, ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე „გადამოწმების მიზნით“ შეაჩერეს. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანმა პოლიციელებს სრულად მოახსენა მისი ვინაობის შესახებ და მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას ჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, პროკურატურის თანახმად, პოლიციის უფროსის მოადგილემ „გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით“.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის, რომ პოლიციელი არასრულწლოვანს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, ცემისა და დაკავების მუქარით ტელეფონის გახსნას აიძულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აგინებს მოზარდის მამასაც, რომელიც ციხეშია და შვილს ემუქრება, რომ გვერდით მიუსვამს. „...სანამ თითები დაგატეხე, შენი მამის დედას მოვ..ნავ. დაგაკავებ, ადმინისტრაციულად“, - ისმის ჩანაწერში. არასრულწლოვანი ითხოვს, დედასთან დარეკვის უფლება მისცენ, რაზეც პოლიციელი პასუხობს - „დედაშენთან არა ბებიაშენთან“.
ტელეკომპანია „პირველმა“ ერთსაათიანი ვიდეომასალა მოიპოვა, რომლითაც დგინდება, რომ არასრულწლოვანს მამის ციხეში გაუპატიურების ორგანიზებით ემუქრებოდნენ, ამ ყველაფერს კი სულ მცირე ოთხი პოლიციელი შეესწრო.
საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასრულწლოვნის დედამ იჩივლა და გამომძიებლებს ფარულად ჩაწერილი ვიდეომასალა წარუდგინა.
პროკურატურას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით აქვს აღძრული, რაც მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
