ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა (კაია კალასი) საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გააუქმოს რეპრესიული კანონები. ამავე დროს, გამოთქვამენ მზაობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, თუ „ქართული ოცნება“ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას გააგრძელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
ერთობლივი განცხადება საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გამოაქვეყნა და მას უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეშფოთებულნი და ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით.
მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში.
მათი დაკავება, ისევე როგორც თვითნებური დაკავებები და ქართული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მზარდი რეპრესია, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას და ქვეყნის ავტორიტარულ სისტემად სწრაფად გარდაქმნას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს.
ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობისკენ.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლებასთან.
დღეს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს.
ჩვენ განვაგრძნობთ საქართველოს ხელისულების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები,თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას.
ჯერ კიდევ შესაძლებელია კურსის შეცვლა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონდმებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან“, - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.
ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 15 ივლისს, საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ. დღის წესრიგის მიხედვით, საბჭო „განიხილავს შესაძლო ზომებს ხელისუფლების მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“.
