საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საქმეზე „ქართული ოცნების“ საპასუხო წერილობით პოზიციასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები წარადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
სტრასბურგის სასამართლომ საიას საჩივრის განხილვა 2026 წლის იანვარში დაიწყო. საქმე ეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი მექანიზმების არარსებობას.
სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში მსგავსი საქმე ჯერ არ ყოფილა - სასამართლომ პირველად უნდა შეაფასოს სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულებები, როგორ უნდა დაიცვას ხმის ფარულობა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისას. საქმემ შესაძლოა „მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის“ სტატუსი მიიღოს. საიას და ფიზიკური პირის საჩივარი სასამართლომ სხვა ორ საჩივართან ერთად გააერთიანა.
საია მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი არგუმენტები სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ორგანიზაცია შემდეგ საკითხებზე დავობს: ფარულობის დარღვევა არ ყოფილა ცალკეული ტექნიკური ინციდენტი. პრობლემა გამოიწვია ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა, მარკერის მელნის გაჟონვამ და კანდიდატთა განლაგებამ ბიულეტენზე, სადაც მმართველი პარტია ყოველთვის ბოლო ნომერი იყო. სახელმწიფოსთვის, ჯერ კიდევ 2021 წლიდან იყო ცნობილი, რომ მელნის გაჟონვას ფარულობის დარღვევა შეეძლო.
2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყუთებზე სპეციალური „საფარი“ დაამონტაჟა, რაც საიას შეფასებით, 2024 წლის ხარვეზების პირდაპირი აღიარებაა.
საიამ უარყო საჯარო სივრცეში გავრცელებული მანიპულაციური ცნობები, თითქოს მათ სასამართლოსთვის დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართეს, რაც სტრასბურგის სასამართლოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურმაც დაადასტურა.
კანონმდებლობა ინდივიდუალურ ამომრჩეველს არ აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოში პროცედურულ დარღვევებზე დავა დაიწყოს, ხოლო მომჩივნებმა ყველა შიდა სამართლებრივი საშუალება კეთილსინდისიერად ამოწურეს.
საიამ ფარულობის დარღვევის რისკები არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და უწყებას წინასწარ მიმართა. საპასუხოდ, ორგანიზაციას ეცნობა, რომ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც ფარულობის დაცვას უზრუნველყოფდა. მიუხედავად ამისა, ცესკომ ვერ უზრუნველყო, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი არ გამოჩენილიყო.
საიამ 73 ოლქში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ მასობრივად დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას არღვევს.
ეროვნულ დონეზე საიას სარჩელი მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლომ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქის რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადი იყო. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საქმის განხილვისას კენჭისყრის შემოწმების ექსპერიმენტიც ჩაატარა, რომელმაც აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუმცა, მოგვიანებით, თეთრიწყაროს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
