26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლური განცხადებების გამო გაუქმდა. ამ საკითხზე განმარტება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაკეთდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
„26 მაისს მთავრობის ღონისძიებაზე აშშ-ის მონაწილეობა გაუქმდა მმართველი პარტიის მიერ აშშ-ის შესახებ ცრუ ნარატივების ფონზე, როგორც ეს იყო წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის 29 აპრილის განცხადებებში.
აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი რჩება და სურს იხილოს საქართველო მტკიცედ ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ამ გზას“, - განაცხადეს საელჩოში.
აშშ-ის საელჩოს განმარტებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ პოლიტიკოსის განცხადება მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველი ხდება, „ეს მათი გადასაწყვეტია“.
„საქმე ეხება ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის ჩვენი დღე, რომელსაც აღვნიშნავთ ჩვენ. თუკი რომელიმე მეგობარს უნდა, რომ შემოგვიერთდეს ამ დღის აღნიშვნაში, ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით. თუ ვინმეს არ უნდა, ეს ჩვენი დღეა. თუკი ვინმესთვის პოლიტიკოსის განცხადება არის საფუძველი, რომ თავის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ტყვიებზე მიდიოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში, ამ ფორმატში არ აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე, ეს მათი გადასაწყვეტი საკითხია. ჩვენ ჩვენს დამოუკიდებლობას სხვანაირად ვაჩვენებდით ხოლმე. ჩვენ ვაჩვენებდით, მათ შორის იმით, რომ ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მაშინ, როდესაც ნატოს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ჰყოფდა ავღანეთში. ჩვენ ვიყავით პირველ ხაზზე,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, ამერიკელი სამხედროები არ მონაწილეობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში. ღონისძიებას ესწრებოდა ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი.
