„26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი“, - ამ მოწოდებით მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტყვიაგაუმტარი მინით შემოსაზღვრული ტრიბუნიდან მხარდამჭერებს მცხეთაში, საიდანაც მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოახლოებულ არჩევნებში „ქართული ოცნების“ ამოცანა „საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვების“ მოპოვებაა. მისი თქმით, ეს პირველ რიგში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მისი „სატელიტი და მემკვიდრე“ პარტიების ასაკრძალად სჭირდებათ.
„გუშინ ჩვენი გუნდის სახელით გავრცელდა ვრცელი განცხადება იმის შესახებ, თუ რისთვის გვესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩვენი პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე განვმარტო:პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე ორი ათწლეულია არ ასვენებს.
ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მათი ხელწერა იყო ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა დანაშაული, რომელიც არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. 2008 წელს მათ ჩართეს საქართველო ომში, რამაც ჩვენ ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა, 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და 30 ათასი ქართველი დევნილად აქცია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს.ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისათვის კი, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია.
26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ დამსახურებული სასჯელისგან ვერავითარი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს.
საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მან მეორე მიზეზად, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჰომოფობიური, ლგბტ პირთა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კონსტიტუციური კანონპროექტის მიღება დაასახელა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ.
„მათი მიზანია, ადამიანი იქცეს ღირსებისა და მორალისგან დაცლილ არსებად, რომელსაც არ ექნება არავითარი ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა; ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას უკვე აქვს უმძიმესი შედეგები მრავალ ქვეყანაზე და ამდენად, საქართველოში მის გავრცელებას პრინციპულად უნდა დავუპირისპირდეთ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს გარედან ზეწოლა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მესამე მიზეზი ტერიტორიუმი მთლიანობის აღდგენის პირობებში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საჭიროებაა. როგორც განაცხადა, დღეს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება და „ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი“.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს.
არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციებს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „მშვიდობის შენარჩუნებასთან“ არის დაკავშირებული. ივანიშვილმა დღევანდელ გამოსვლაშიც ახსენა „მეორე ფრონტის“ გახსნის საფრთხე.
„საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ... რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი და დეკემბერი, მით უფრო მშვიდი იქნება მომდევნო 4 წელიწადი, მით უფრო ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ასევე, მით უფრო მალე გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მცხეთაში 21 აგვისტოს გამართულ შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ 16 ივლისს, „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისისა და საარჩევნო კამპანიის გახსნაზე გამოჩნდა. მანამდე ის 29 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების საპასუხოდ რუსთაველის გამზირზე მოწყობილ ე.წ. საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე გამოვიდა და ანტიდასავლური გზავნილები გააჟღერა.