„ქართულ ოცნებას“ ლგბტ უფლებების შესაზღუდად კონსტიტუციის შეცვლა სურს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტირები“. ცვლილებებით აკრძალულია შეკრება ან იმგვარი შინაარსის ნაწარმოების გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ურთიერთობის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენი პასუხისმგებლობაა დავიცვათ, ერთი მხრივ, ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები და მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებიდან“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ.

„გადავწყვიტეთ დავაინიციროთ საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტირები, რის შემდეგაც, ძალიან ახლო მომავალში, ჩვენ ასევე დავაინიცირებთ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს რამდენიმე ათეულ კანონში. ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა, სამომავლოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისთვის ვაინიცირებთ საკონსტუტუციო ცვლილებებს“.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს.  მდინარაძის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ცვლილებების მხარდაჭერა „ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც“ იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო კანონებში ცვლილებები, მიმდინარე წელს „გარანტირებულად იქნება მიღებული“.

„ჩვენი ოპოზიციის რისკია, რომ შეიძლება წელს საკონსტიტუციო ცვლილებები საერთოდ ვერ მივიღოთ, მაგრამ ჩვენ ამას დავაზღვევთ კანონით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს (ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები) დაემატება მე-3 პუნქტი შემდეგი შინაარსით: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონი „ქართულმა ოცნებამ“ ასე ჩამოაყალიბა:

მუხლი 1.

  1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისადა ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
  2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
  3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
  4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
  5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
  6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
  7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
  8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

მმართველმა პარტიამ  „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები 29 თებერვალს დააანონსა.  ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

„ლგბტ პროპაგანდის“ სრულად ამკრძალავი კანონი რუსეთში დაახლოებით ორი წელია მოქმედებს. მანამდე, 2013 წლიდან, „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა“ მხოლოდ არასრულწლოვანთა შორის იკრძალებოდა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 2022 წლის 5 დეკემბერს ხელმოწერილი კანონის მიხედვით, „ლგბტ პროპაგანდისთვის“ ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 400 000 რუბლს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 5 მილიონს. კანონი ეხება სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, ონლაინ და ოფლაინ კინოთეატრებს, თეატრს, მედიასაშუალებებს, სარეკლამო ბიზნესს და სოციალური ქსელებს. „როსკომნადზორს“ აქვს უფლება, სასამართლოს განჩინების გარეშე დაბლოკოს ინტერნეტ რესურსები, რომლებიც „არატრადიციულ ურთიერთობების“, პედოფილიის და სქესის შეცვლის „პროპაგანდას“ შეიცავენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.